საქართველოსა და აშშ-ის მთავრობები ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში არიან ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.
ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მარიკა გაბუნიას განცხადებით, საკითხი ისევ დგას დღის წესრიგში, თუმცა იმისათვის, რომ პროცესი აქტიურ რეჟიმში გადავიდეს, ამისთვის აშშ-ის მხრიდან პოლიტიკური ნებაა საჭირო.
„ამერიკასთან მუდმივ მუშაობის დონეზე ვართ, მათ შორის ექსპერტულ დონეზე ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუდმივად გვაქვს კონსულტაციები, განხილვები, ვიდეოკონფერენციები. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები.
პრემიერის აშშ-ში ვიზიტის დროს იყო საუბარი, ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე, ეს არის პრიორიტეტული საკითხი, რომელიც ყოველთვის დგას დღის წესრიგში ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში. ვცდილობთ, ეს პროცესი გავააქტიუროთ და ახალ ეტაპზე გადავიდეთ.
მათი მხრიდანაც არის ინტერესი, რადგან ექსპერტულ დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, ეს ნიშნავს, რომ სრულად გაჩერებული პროცესი არ არის“, - აცხადებს bm.ge-ისთან მარიკა გაბუნია.
საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიღწევის შესახებ წინარე მოლაპარაკებებისთვის მზადება წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო. 2012 წლის 30 იანვარს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრეზიდენტთან და ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ საქართველოსთან ვაჭრობის საკითხებზე მაღალი დონის დიალოგს დაიწყებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაც არ იყო გამორცხული.
ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანას თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმებული აქვს 20 ქვეყანასთან, მათ შორის მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებებია მიღწეული კანადასა და მექსიკასთან (NAFTA) და ასევე ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანასთან (DR-CAFTA).

























