აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, ქართული მხარე ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხეკლშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ელჩის თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია დიდი ენთუზიაზმით არ უყურებს მრავალმხრივ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს, თუმცა ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ამ კუთხით გარკვეული ძვრები იქნება.
“ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ როგორც სავაჭრო წარმომადგენლის ოფისთან, ასევე ადმინისტრაციასთან, კონგრესთან, თეთრ სახლთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, რათა საქართველოსთან თავისუფალი, სამართლიანი ვაჭრობის შესაძლებლობები გავაჩინოთ. ხელს ვუწყობთ, რომ ამ საკითხზე არ არსებობდეს წინააღმდეგობრივი პოზიციები, რათა ამით გავუიოლოთ გადაწყვეტილება ამერიკულ მხარეს.
საქართველოს აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერის მოლაპარაკებებზე, აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ეს ადმინისტრაცია ნაკლები ენთუზიაზმით უყურებს მრავალმხრივ თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებებს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეტი ვაჭრობისა და მეტი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორიც საქართველოა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საშუალებებით, ამ გზაზე არ გამოირიცხება არც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება”,- აცხადებს დავით ბაქრაძე.

























