"მხარეები ინტენსიურად მუშაობენ და მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი", - ასე უპასუხა საქართველოს რკინიგზამ bm.ge-ის კითხვას, როდის აღდგება ბაქო-თბილისი- ბაქო სამგზავრო მიმოსვლა და არის თუ არა კვლავ ძალაში 1-ელი მაისის თარიღი.
საქმე ის არის, რომ თბილისის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ჩქაროსნული მატარებელი გამოჩნდა, რისი ამსახველი ფოტოებიც აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა. რასაც შემდეგში მოჰყვა აზერბაიჯანის რკინიგზის განმარტება, რომ „მატარებელი, რომლის ფოტოებიც გავრცელდა, სამგზავრო არ არის და ის რკინიგზაზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ ლიანდაგის დიაგნოსტიკას რეგულარულად ატარებს.“
რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, bm.ge-ის კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუციათ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.
"ბაქო-თბილისი- ბაქო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რომელიც მოიცავს მოლაპარაკებებსა და ტექნიკური დეტალების დაზუსტებას როგორც სარკინიგზო ადმინისტრაციებს შორის, ასევე საკითხთან დაკავშირებულ ორივე ქვეყნის შესაბამის უწყებებთან.
მხარეები ინტენსიურად მუშაობენ და მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი", - წერს რკინიგზა.
შეგახსენებთ, ბოლო ცნობებით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა და აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელ ივლისამდე ჩაკეტილი იქნება, 1-ელ მაისს ბაქო-თბილისის მატარებლის აღდგენა, ძალაში რჩებოდა.