მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა?

626932e45137e
თათია ჩაფიჩაძე
28.04.22 00:22
20485
კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ თანადამფუძნებელის ფრიდონ ქათამაძის ინფორმაციით, ბათუმში პირველი კუნძულის აშენებისთვის საჭირო გეოლოგიური და ბურღვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. კომპანია კვლევის პასუხებს 10 მაისისთვის ელოდება.

პარალელურად, 1 კვირაა დაიწყო ტენდერი სამუშაო პროექტის მომზადებაზე.

კომპანიაში ამბობენ, რომ გამარჯვებული მაისის ბოლომდე გამოვლინდება, რომელსაც პროექტის მომზადებისთვის 5-6-თვიანი პერიოდი ექნება, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები კი 7-8 თვეში დაიწყება.

„თვენახევარის განმავლობაში მიმდინარეობდა ზღვის აკვატორიუმში ბურღვითი სამუშაოები. გეოლოგიური-ბურღვითი სამუშაოები დასრულდა 1 კვირაა და ახლა ტესტები კეთდება სტამბულის ლაბორატორიაში, პასუხები გვენება 10 მაისისთვის. პარალელურად უკვე 1 კვირაა დავიწყეთ საერთაშორისო ტენდერი სამუშაო პროექტის დამზადებაზე. ტენდერში მონაწილეობენ მსოფლიოს უდიდესი საპროექტო ორგანიზაციები -  ჰოლანდიური კომპანიები - Van Oord Dredging and Marine Contractors BV, Royal Haskoning DHV და CDR International BV, ესპანური კომპანია SENER Group. ასევე მონაწილეობას იღებს ორი ბელგიური და ოთხი თურქული კომპანია. სატენდერო პირობები არის კუნძულის სამუშაო პროექტის დამზადება.

ალბათ 15 მაისამდე რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებთ თუ ვის შევუკვეთოთ. ვფიქრობთ, რომ მაისის ბოლომდე დავაკონტრაქტებთ. ჯერ თანხებზე ვერ ვისაუბრებთ, ვნახოთ, რა იქნება მოწოდებული ფასები.

შეიძლება ითქვას, რომ ვადებს ვუსწრებთ, საკმაოდ სწრაფად დასრულდა ნიმუშების აღება; პარალელურად, ტენდერს ვატარებთ, ეს პროცესი წესით კვლევების დასრულების შემდეგ უნდა დაგვეწყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი ერთმანეთს ხელს არ უშლიდა, უკვე დავიწყეთ. მას შემდეგ, რაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, მას მიეცემა 5-6 თვე პროექტის დამზადებისთვის და ვფიქრობთ, სავარაუდოდ, სამუშაოები დაიწყება 7-8 თვეში. სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 3.5 წელში კი უნდა დასრულდეს კუნძულის მშენებლობა“, - განაცხადა ფრიდონ ქათამაძემ.

ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება 2021 წლის ოქტომბერში დაანონსდა. პროექტის მიხედვით, ის ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისმხობს.

პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია "ამბასადორი" განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.

საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია ამბასადორს შორის გაფორმდა. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები