მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის შესაჩერებლად დაწყებული სამუშაოები? - მერიის განმარტება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე ფერდობის გაწმენდის და დამცავი ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ტერიტორიას ბევრად უსაფრთხოს გახდის, - ამის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ფერდზე არსებული დამცავი ბადე, რომელიც წლების წინ მოეწყო, თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, რის გამოც, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ბადე ახალი მეთოდით მოეწყობა.

„ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გასწვრივ არსებული კლდოვანი ფერდი მართლაც დაზიანებულია - თუ არ ვცდები, 2010 წელს ტერიტორიაზე დამცავი ბადე სწორედ ამიტომ მოეწყო, რომელიც უკვე დაძველდა და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ტერიტორიის მოწესრიგება უკვე დაწყებული გვაქვს. პირველ ეტაპზე, მიმდინარეობს კლდის ჩამოწმენდის სამუშაოები. წვიმისა და მზისგან დაზიანებული ქვების ჩამოწმენდის შემდეგ, დაიწყება ახალი ბადის მოწყობა, რომელიც მყარ ქანებში ჩაანკერდება. ტერიტორიაზე ამჟამად არსებული ბადე მოწყობილია ფარდისებური პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაშალი მასალა ე.წ. ფარდის უკან ცვივა, ქვემოთ იკრიბება და შემდეგ გაგვაქვს. იმდენ ადგილზეა უკვე ეს კონკრეტული ბადე დაზიანებული და ქვები მხოლოდ ე.წ. ფარდის ქვეშ აღარ ცვივა, ამიტომ ახალი ბადის მოწყობა გადავწყვიტეთ“, - განაცხადა გიორგი აბუთიძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ მიმდინარე წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები არაერთ მისამართზე განახორციელა, რომელთა შორის კოსტავას ქუჩაზე არსებული ფერდის მოწესრიგებაც შედის.

„ჩვენი თანამშრომლები მსგავს ადგილებს მუდმივ მონიტორინგს უწევენ, გვაქვს პრობლემური ადგილები მონიშნული და სამუშაოებს ქალაქის მასშტაბით, პრიორიტეტების მიხედვით ვახორციელებთ. ეს კონკრეტული ბადე კეთდება სხვა მეთოდით, რომელიც მყარ ქანებში საკმაოდ ღრმადაა ჩაანკერებული“, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა.

გიორგი აბუთიძის განცხადებით, სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება, რომლის დროსაც, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ ერთ სამოძრაო ზოლში, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

„ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული გვაქვს. კლდის ჩამოწმენდის პერიოდში, 05:00-დან 07:00 საათამდე გზა იკეტება, ხოლო უშუალოდ ბადეების მონტაჟს როცა დავიწყებთ, გადაადგილება გზატკეცილზე არსებულ ერთ სამოძრაო ზოლში სრულად შეიზღუდება, რათა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი პატარა კენჭი ჩამოვარდა, მისგანაც ვიყოთ დაცული“, - განაცხადა გიორგი აბუთიძემ.

შეგახსენებთ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები