დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე, უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება 10.5 კმ-იან მონაკვეთს. სარეაბილიტაციო გზა სოფელ არბოშიკიდან იწყება და სოფელ ზემო მაჩხაანს გაივლის.
პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია. ასევე მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები. მოინიშნება გზის სავალი ნაწილიც.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11.7 მილიონი ლარია.