მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ელიავას ბაზრობის იერსახის ცვლილების პროცესი? - ირაკლი ხმალაძის პასუხი

ელიავას ბაზრობა

მოხარული ვარ, რომ ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მესაკუთრესთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ბაზრობის მესაკუთრეებთან ინტენსიურად იმართება შეხვედრები.

"ყველამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც საქმე ეხება კერძო საკუთრებაში არსებული ასეთი მსხვილი, მასშტაბური არეალის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქციას. მით უმეტეს, არეალს, რომელიც არ არის მხოლოდ ერთი მესაკუთრის ხელში, მისი მოდერნიზაცია დაკავშირებულია ყველა მესაკუთრის და მერიის შეთანხმებასთან რაც საკმაოდ რთული პროცესია. გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა უწევს ორივე მხარეს.

მუნიციპალიტეტის კომპრომისი იმაში გამოიხატება, რომ ისეთი მოდელი უნდა შევთავაზოთ და დავუგეგმაროთ, რომელიც ბიზნესისთვის ეკონომიკურად მიმზიდველია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგეხსენებათ, რომ არავინ ამაზე ფულს არ დახარჯავს. მათი მხრიდან, ამ შემთხვევაში კომპრომისი არის ის, რომ ქალაქგეგმარებითი გარკვეული სპეციფიკები უნდა გაითვალისწინონ. მოხარული ვარ იმით, რომ ერთ-ერთი მსხვილი მესაკუთრე ვინც არის, "სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი", მჭიდრო კომუნიკაციაშია ჩვენთან და გარკვეულ პრინციპებზე მათთანაც და სხვებთანაც შევთანხმდით. ვთქვით უკვე, რომ გზათაქსელი ავსახეთ ქალაქის გენერალურ გეგმაში.

ჩვენი კომპრომისი ის იყო, რომ გავეშვით ერთიანი გრგ-ს დამუშავებას და მივეცით მესაკუთრეებს საკუთარი გრგ-ს დამუშავების უფლება, თუმცა ერთიანი კონცეფციის ფარგლებში. მესაკუთრეები ამ ეტაპზე ამ დოკუმენტზე მუშაობენ და პერიოდულად გვაქვს კომუნიკაცია. ვიმედოვნებ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში გარკვეული ვიზუალური მასალა გვექნება შემუშავებული, რომელზე განხილვები დაიწყება. მას შემდეგ კი, რაც მუნიციპალიტეტი დაამტკიცებს, მესაკუთრეებმა უნდა დაიწყონ განხორციელება", - განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის მიერ ნახსენები "სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი" ბაზრობის ტერიტორიის ნახევრის 7.5 ჰა-ს მესაკუთრეა. თავად ჯგუფს 6 მესაკუთრე ჰყავს. თეიმურაზ ანდრიაძე - 61.4%, ეკატერინე ქრისტესიაშვილი - 11%, დალი სიხარულიძე - 7%, დარეჯან ჭყონია - 7%, ნინო რამიშვილი - 7.36, ნინო ნიჟარაძე - 6.2%.

ცნობისთვის, 2019 წელს თბილისის გენგეგმა დამტკიცების შემდეგ დედაქალაქის ცენტრში ელიავას ბაზრობის ფუნქციონირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანის სხვადასხვა ვერსია განიხილებოდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბაზრობა თავის ადგილზე უნდა დარჩენილიყო და იერსახე შეეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები