ბორჯომის ხეობაში, 2008 და 2017 წლების დამანგრეველი ხანძრების შედეგად განადგურებული ტყის ეკოსისტემის აღდგენა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დარგულია 250 000-ზე მეტი ნერგი, ნერგების გახარების მაჩვენებელი მაღალია და პროცესი უკვე აქტიური ჩარევიდან ბუნებრივი განახლებისა და მონიტორინგის ეტაპზე გადავიდა - აღნიშნულ საკითხებზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა და მისმა მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრეს.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა აღნიშნა, ბორჯომის ხეობაში ხანძარმა პირველად 2008 წელს 950 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა. 2017 წელს გაჩენილმა განმეორებითმა ხანძარმა კი თითქმის სრულად გაიმეორა იგივე პერიმეტრი (980 ჰექტარი). მისივე თქმით, ხელახალი, მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და დღეისათვის უკვე ხელშესახებ შედეგებს აჩვენებს.
„ძირითადი ტყე ჩვენ 2008 წელს დავკარგეთ, 2017 წელს კი უკვე მოხდა წარსული შრომის განადგურება, რადგან ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი სამუშაო იყო გაწეული, მათ შორის დარგული ნერგების სახით. თუმცა, 2018 წლიდან ხელახლა დავიწყეთ იქ სამუშაოები — დაირგო 250 000-ზე მეტი ნერგი, განხორციელდა კომპლექსური ღონისძიებები, მათ შორის ნიადაგის დაცვისა და ეროზიის საწინააღმდეგო მიმართულებით.
დღეის მდგომარეობით, ამ ტერიტორიაზე იმაზე უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ველოდით — თავად ნიადაგისა თუ სხვა ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით. ერთ-ორ ფერდზე შედეგი უკვე შორიდანაც ჩანს. მოგეხსენებათ, ტყის გაზრდას ათწლეულები სჭირდება, თუმცა გახარების პროცენტი საკმაოდ მაღალი გვაქვს", - აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა.
იორდანიშვილის განმარტებით, ყველაზე კრიტიკული მონაკვეთი სოფელ დაბასთან მდებარე 250 ჰექტარი იყო, სადაც ტყე სრულად დაიწვა. დღეს იქ ადამიანის აქტიური ჩარევა აღარ ხდება და პროცესი დაკვირვების ფაზაშია: „აქ წარსულში ნაძვნარ-სოჭნარი ტყე იყო. იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბუნებასთან მიახლოებული ეკოსისტემა მივიღოთ, სწორედ ასეთი სახეობები დაირგო. მეტყევეები ახლა აკვირდებიან ტერიტორიას: თუ ბუნებრივად გაჩნდა ნაძვი ან სოჭი, უკვე ისეთი პირობებია შექმნილი, რომ დამატებითი ჩარევა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება. ტერიტორია სრულად მონიტორინგის ქვეშაა“.
დეპუტატების შეკითხვას — ხომ არ დგას საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების საჭიროება ტყეში ცეცხლის დანთებასთან დაკავშირებით — სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა უპასუხა, რომ ტყის განზრახ გადაწვა ისედაც მკაცრად ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. მისი თქმით, მთავარი აქცენტი არა სასჯელის ფორმალურ ზრდაზე, არამედ ხანძრის ადრეული გამოვლენის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე უნდა გაკეთდეს.
ამირანაშვილის თქმით, გამოსავალი კვამლისა და ცეცხლის დეტექტორებით აღჭურვილი ვიდეოკამერების სისტემაა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში ყველაზე ეფექტურ მექანიზმად ითვლება.
„უშუალოდ ტყის ხანძრების პრევენციისთვის, მომავალში ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელი იქნება დაიგეგმოს ვიდეოკამერების მონტაჟი დეტექტორებით (კვამლის აღმომჩენებით). ეს ძალიან ეფექტურია და ბევრი წარმატებული ქვეყანა იყენებს ამ პრინციპს. ჩვენი რელიეფის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, რადგან დიდი რაოდენობით კამერები დაგვჭირდება.
ეს კომპონენტი დაცულმა ტერიტორიებმა უკვე შემოიტანა და 9 ერთეული ხანძრის აღმომჩენი კამერა სწორედ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მომავალში ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს", - ამბობს ამირანაშვილი.
სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ დამწვარი ტყის აღდგენას ათწლეულები და უზარმაზარი ფინანსური რესურსი სჭირდება, ამიტომ უწყების უახლოეს პრიორიტეტს ადრეული შეტყობინების სისტემების განვითარება და ხანძრის კერების პირველივე წუთებში ლოკალიზება წარმოადგენს.
























