მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ეტაპზეა ლენტეხში დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა?

სარკოფაგი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცანა 3-ის ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობის მე-2 ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2026 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტი სრულად გასუფთავდება ცანა 1 და ცანა 2-ის ტერიტორიაზე არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენებისგან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა სარკოფაგის კონსერვაციის სამუშაოები დაათვალიერეს, რაც მოიცავს ცანა 3-ის ტერიტორიიდან 50 500 მ3 მოცულობის სარკოფაგში დარიშხანის შემცველი ნარჩენების განთავსებას.

„აღნიშნული პროექტით გადაწყდება რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე, ეკონომიკურ აქტივობას“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ჩატარდა კვლევები და მომზადდა ანგარიშები დარიშხანშემცველი ნარჩენების საცავის მოსაწყობად.

სარკოფაგის მოწყობა 4 მლნ ლარამდე ჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები