მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა Microsoft-ისა და Activision-Blizzard-ის $69-მილიარდიანი გარიგება?

64256552463ef
გიორგი თოლორდავა
31.03.23 00:05
765
პირველი შეთანხმების მიღწევიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, Microsoft-ისა და Activision-Blizzard-ის ისტორიული გარიგება ჯერაც არ არის დასრულებული.

მასშტაბური შერწყმის მოცულობა 69 მილიარდ დოლარს აღწევს და ის გეიმინგ ინდუსტრიაში განხორციელებული რეკორდული ტრანზაქცია იქნება.

გარიგების გაჭიანურება მსოფლიოს მასშტაბით დაწყებულმა გამოძიებამ გამოიწვია. ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კონკურენციის სააგენტოები მიიჩნევენ, რომ გარიგება წინააღმდეგობაშია ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან და ბაზარზე მონოპოლიის გაჩენის რისკებს შეიცავს.

ტექნოლოგიური გიგანტებისთვის დამახასიათებელი შესყიდვისა და შერწყმის აგრესიული სტრატეგიის მიმართ მსოფლიოს მასშტაბით ანტიმონოპოლიური სამსახურების დამოკიდებულების გამკაცრების ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ ისტორიული $69-მილიარდიანი შეთანხმება საგამოძიებო პროცესით გაჭიანურდეს და საბოლოო ჯამში ის ჩაშლამდეც მივიდეს.

მიუხედავად არსებული რისკებისა, ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, მაღალია იმის ალბათობა, რომ Microsoft-ი მარეგულირებლებისგან Activision-ის შეძენის უფლებას მიიღებს, თუმცა მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

საგულისხმოა, რომ გარიგების წარმატებით დასრულებას Microsoft-ისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან Activision-Blizzard-ის შეძენით Microsoft-ის ფლაგმანი გეიმინგ-პლატფორმა XBOX-ი ისეთ საკულტო თამაშებს მიიღებს, როგორიცაა: Call of Duty, World of Warcraft, Diablo, Overwatch, StarCraft და Candy Crush.

ცნობისთვის, პანდემიის დროს ვიდეო თამაშების „ბუმის“ პერიოდში ტექნოლოგიური გიგანტების დაინტერესება გეიმინგ ინდუსტრიის მიმართ მკვეთრად გაიზარდა, თავად Microsoft-მა 2020 წელს $7.5 მილიარდად Doom-ის, The Elder Scrolls Skyrim-ისა და Fallout-ის შემქმნელი სტუდია Bethesda Softworks შეიძინა.

გარდა ამისა, იაპონურმა კომპანია Sony-მ, რომელიც XBOX-ის კონკურენტ პლატფორმა PlayStation-ს აწარმოებს, $3.6 მილიარდად HALO-სა და Destiny-ს შემქმნელი გეიმინგ-სტუდია Bungie შეიძინა; უმსხვილესი ჩინური კომპანია Tencent-ი კი Ubisoft-ში ახორციელებს ინვესტიციას - აღნიშნული სტუდია Assassin’s Creed-ს, Far Cry-სა და Rainbow Six Siege-ს ფლობს.

შეგახსენებთ, რომ Microsoft-ი მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.2 ტრილიონ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, მის მენეჯმენტს აქვს იმის ფუფუნება, რომ პოტენციური კონკურენტები ან საინტერესო პარტნიორი კომპანიები პირდაპირ შეისყიდოს, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის Microsoft-ის საბაზრო ღირებულებასა და შესაძლებლობებს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები