ქობულეთში ₾500 მილიონიანი „მულტიფუნქციური კომპლექსის „მწვანე ქალაქის“ პროექტის დოკუმენტაციაზე მუშაობა გრძელდება. ამის შესახებ BM.GE-ის პროექტის შემსრულებელი კომპანია „გრინ რეზორტის“ იურისტმა დავით ჩიტაიამ განუცხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ „მწვანე ქალაქის“ მშენებლობის დაწყებას გასული წლის ბოლომდე აპირებდნენ, თუმცა კომპანიის იურისტი ამბობს, რომ ამ პროექტით ქობულეთში პატარა ქალაქი აშენდება, რის გამოც ყველაფერი ძირეულად და საფუძვლიანად უნდა იყოს შესწავლილი.
„პროექტით გათვალისწინებულ ორ ვილაზე ნებართვა მიღებულია, თუმცა ამის გარდა, პროექტი ძალიან კომპლექსურია და ბევრი რამის მოწყობაა გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ დოკუმენტაციაზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადია. რეალურად ქობულეთში პატარა ქალაქი აშენდება. უამრავი ინფრასტრუქტურული საკითხია გადასაწყვეტი. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს დოკუმენტაციაზე, ტერიტორიის შესწავლასა და გეოლოგიაზე და ა.შ.“, - განმარტავს დავით ჩიტაია და დასძენს, რომ პროექტის შესრულების ვადები პანდემიის გამო 2032 წლამდეა გახანგრძლივებული.
ცნობისთვის: შავი ზღვისპირეთში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი 0.5 მილიარდიანი „მწვანე ქალაქის“ პროექტის განხორციელება 2019 წლის მარტში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა. პროექტის ავტორი და შემსრულებელი კომპანია „გრინ რეზორტი“ იყო, რომელიც „მწვანე ქალაქს“ ევროპული, კონკრეტულად კი ჩეხური და სლოვაკური ინვესტიციით ააშენებდა. მამუკა ბახტაძის მიერ „შავი ზღვის მარგალიტად“ წოდებული პროექტის დაანონსებიდან მალევე, იმავე წლის ნოემბერში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ "მწვანე ქალაქის" მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. 2020 წლის თებერვალში კი „გრინ რეზორტმა“ ქობულეთის საინვესტიციო პროექტზე მშენებლობის ნებართვა მოიპოვა, მაგრამ პანდემიის დაწყების გამო პროექტის გეგმები და დეტალები, მათ შორის ვადებთან მიმართებით, დაკორექტირდა.
შედეგად, 2022 წლის 29 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქობულეთის მუნიციპალიტეტში შპს „გრინ რეზორტის“ მრავალფუნქციური სასტუმრო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ მინისტრის 2020 წლის ბრძანება. 2022 წლის შემოდგომაზე კომპანიის იურისტმა BM.GE-ს უთხრა, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2023 წლის გაზაფხულისთვის იგეგმებოდა, პირველი ეტაპი 2024 წლის ბოლოს 2025 წლის დასაწყისში დასრულდებოდა.
მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა ქობულეთში დაახლოებით 180 ჰექტარზე იგეგმება. პროექტი გოლფის და საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.