მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობა

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის 23-კილომეტრიანი საავტომობილო გზისა და გვირაბების მშენებლობა დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროექტის სრული დასრულება და მოძრაობის გახსნა 2028 წელს იგეგმება. რევაზ სოხაძის განცხადებით, მიმდინარე წელს დასრულდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, ხოლო პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის სამუშაოები, სადაც 2-კილომეტრიანი ესტაკადა და ხიდი შენდება. მისივე თქმით, სამინისტრო იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება სტეფანწმინდის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის ტენდერიც.

ქვეშეთი-კობის პროექტი ორ ძირითად სამშენებლო ლოტად არის დაყოფილი. ყველაზე მსხვილი ნაწილია 9-კილომეტრიანი მთავარი გვირაბისა და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელსაც ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co ახორციელებს. 902 მილიონი ლარის ღირებულების ამ კონტრაქტის ფარგლებში ორივე გვირაბი უკვე სრულად არის გაჭრილი, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მათი შიდა მოპირკეთება, ელექტრომექანიკური და ვენტილაციის სისტემების მოწყობა. დასრულების შემდეგ ეს გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება.

პროექტის მეორე, 12.7-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოებს China Railway 23rd Bureau Group Co ასრულებს. 317 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი მოიცავს 5 ხიდის, 4 გვირაბის მშენებლობასა და ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. სწორედ ამ მონაკვეთზეა ამ დროისთვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დარჩენილი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი ახალი ხიდიდან ერთი უკვე დასრულებულია. ის დაბალანსებული კონსოლური ტექნოლოგიით აშენდა, რომელიც საქართველოში პირველად გამოიყენეს. ამავე დროს მიმდინარეობს 426 მეტრის სიგრძის და 166 მეტრის სიმაღლის თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომელიც პროექტის ერთ-ერთ ყველაზე რთულ საინჟინრო ნაგებობას წარმოადგენს.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში მთლიანობაში შენდება ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ არსებულ ხიდს.

პროექტის დასრულების შემდეგ ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობის დრო დაახლოებით 15 წუთამდე შემცირდება, ხოლო თბილისიდან გუდაურამდე გადაადგილებას დაახლოებით საათ-ნახევარი დასჭირდება. სამინისტროს შეფასებით, ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას, ზამთრის პერიოდში კობის მიმართულებით გადაადგილება აღარ იქნება დამოკიდებული ზვავსაშიშროებაზე, ხოლო ხადას ხეობის სოფლების მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში უწყვეტი საგზაო კავშირი ექნება.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის საერთო ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ADB პროექტს 415 მილიონი დოლარით აფინანსებს, ხოლო EBRD-ის დაფინანსება 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, ამ პროექტზე 100 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, შესრულების ანგარიშის თანახმად კი იანვარ-მაისში პროექტზე 51.7 მილიონი ლარი მიიმართა, რაც გეგმასთან შედარებით 8 მილიონი ლარით მეტი იყო, შესაბამისად, ათვისება გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებელს უსწრებს. მთავრობა ამ პროექტზე 2027 წელს 104 მილიონი ლარის, 2028 წელს კი 20 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რის შემდეგაც გზა სრულად გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები