მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მშენებლობა?

გომბორი

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში BM.GE-ს განუცხადეს, ამ დროისთვის, უკვე მოწყობილია ხელოვნური ნაგებობების 90% და საავტომობილო გზის 33.6 კმ-დან 12 კმ-ზე ასფალტის საფარია მოწყობილი.

"პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ექვსი ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა.

ასევე, გატარდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდება ტროტუარი, მიერთებები და ადგილობრივი შესასვლელები, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტოპავილიონი, ამასთან, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები ჩატარდება.

გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ამ გზით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ქვეყანაში შემოსული ტურისტები", - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ინფორმაციისთვის, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები