ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. მომდევნო სასამართლო სხდომა 12 აგვისტოსაა ჩანიშნული. ამის შესახებ bm.ge-ს დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.
მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა. უწყების მტკიცებით, მან უკანონო გზით მილიონობით ლარის სარგებელი მიიღო.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე (კორუფცია) და 194-ე (ფულის გათეთრება) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებაში კი ეწერტ, რომ 2021 წელს რომეო მიქაუტაძე დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი.
პროკურატურის განცხადებაში კი ეწერა, რომ 2023 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის მეუღლემ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 120 კვ.მ. ბინის შესაძენად, საქართველოს ბანკიდან გადარიცხა 599 955 ევრო. ეს თანხა მის ანგარიშზე ნაღდი ფულით შევიდა 2023 წლის 26 ივნისს.
გამოძიების ვერსიით, ამ თანხის გაურკვეველი წარმოშობის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულმა და სხვა პირებმა დაამზადეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თითქოს, ბრალდებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში 600 000 ევრო უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაში მყიდველად ფიქციურად დაფიქსირებულ პირს, ბრალდებულის მეგობრის პენსიონერ დედას. რეალურად კი, ბრალდებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა - აცხადებს პროკურატურა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ივნისს მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ პროცესზე მან სასამართლოს წინაშე საჯარო განცხადებაც გააკეთა.
„ჩემი ცხოვრების 24 წელი მაქვს ჩემი საქმიანობის წარმატებული კარიერა, სხვადასხვა პოზიციებზე. ვარ ღირსების ორდენოსანი, მყავს ოჯახი და ჩემგან რაიმე დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ყოფილა და არც იქნება. დარწმუნებული ვარ, სასამართლოს სიჯანსაღეში და იმაში, რომ ეს ყველაფერი შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული იქნება“, — განაცხადა მიქაუტაძემ.
რომეო მიქაუტაძეს ორდენი მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტისათვის - 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი ჯახუნდერი-მესტიის მშენებლობისას პროექტის ხელმძღვანელობისთვის გადასცა.



























