2018-2021 წლების ფისკალური ანალიზის დოკუმენტში, მაკროეკონომიკური რისკების იდენტიფიცირების პროცესში გამოვლენილია ის ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა, გავლენა მოახდინონ ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური ანალიზის დოკუმენტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონს ერთვის თან.
დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე პოზიტიური გავლენის მქონე შოკებს შორის, გამოყოფილია 5 ფაქტორი:
1. გლობალური ეკონომიკური აქტივობის ზრდა და სავაჭრო არეალის გაფართოება
თავისუფალი საგარეო ვაჭრობა ეხმარება ქვეყანას ეკონომიკური განვითარების დონით დაუახლოვდეს სავაჭრო პარტნიორებს. საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები მსოფლიო სხვა მრავალ ყვეყანასთან. DCFTA-სა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მოსალოდნელზე სწრაფი რეალიზაცია გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის სწრაფ ზრდას.
2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა
საქართველოში მთლიანი შიდა ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილს უცხოური პირდაპირი ინვესტივიები წარმოადგენს. უცხოური ინვესტიციები ერთ მხრივ ზრდის პოტენციურ გამოშვებას, ხოლო მეორე მხრივ წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს ეკონომიკისათვის. შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნებისათვის უცხოური ინვესტიციები ეკონომიკური ზდრის პოტენციალის მნიშვნელივანი წყაროა. გასულ წელს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3 სტაბილურიდან დან Ba2 სტაბილურამდე, ხოლო Fitch-მა BB- სტაბილურიდან BB- პოზიტიურამდე გააუმჯობესა. მნიშვნელოვანი პროგრესია აგრეთვე ქვეყნის საგარეო მოწყვლადობების შემცირების მიმართულებითაც. სწრაფად მცირდება დოლარიზაციის მაჩვენებელი, წარმატებით მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა. ყოველივე ზემოთაღნიშნული დადებითად აისახება ინვესტორთა მიერ ეკონომიკის ნდობაზე, რაც ზრდის პირდაპირი უცხოური ინვესტივიების ზრდის ალბათობას.
3. დოლარიზაციის შემცირება
2017 წლიდან დაიწყო დე-დოლარიზაციის (ლარიზაციის) ღონისძიებების ამოქმედება, რის შედეგადაც ლარიზაციის მაჩვენებელი 10 პროცენტულ პუნქტზე მეტად არის გაზრდილი. გრძელდება ღონისძიებები ამ მიმართულებით. მაღალი დოლარიზაცია მიჩნეულია (ამას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშები) საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს სისუსტედ. ლარიზაციის ზრდა (დოლარიზაციის შემცირება) შეამცირებს შოკების გადმოცემას საგარეო სექტორიდან, გაზრდის მონეტარული პოლიტიკის მოქნილობასა და გააძლიერებს გადაცემის არხებს, რაც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდისა და ფასების მერყეობით გამოწვეული არაეფექტიანობის შემცირებისათვის.
4. საპენსიო რეფორმის შედეგად დანაზოგების უფრო მკვეთრი ზრდა
2018 წელს განხორციელდა საპენსიო სისტემის რეფორმა. არსებულ საბაზისო პენსიას დაემატა მეორე სვეტი და შეიქმნა საპენსიო სააგენტო. საპენსიო სისტემის მეორე სვეტის შემოღება გაზრდის ეკონომიკაში დანაზოგების დონეს, რაც ერთი მხრივ, შეამცირებს საგარეო მოწყვლადობის ხარისხს, ხოლო მეორე მხრივ, გაზრდის პოტენციურ მშპ-ს. საპენსიო სისტემის შედეგად დანაზოგების მოსალოდნელზე სწრაფი ზრდა დამატებით გამოიწვევს უფრო მაღალ და სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას.
5. ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობის გაუმჯობესება
2017 წლიდან ეკონომიკა სწრაფი აღმავლობით ხასიათდება. პოზიტიური ტენდენციებია გლობალური მასშტაბითაც. ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს გაგრძელდა საგადასახადო რეფორმები. 500 ათასამდე წლიური ბრუნვის მქონე ბიზნესისათვის გამარტივდა საგადსახადო სისტემასთან ურთიერთობა. აღნიშნული საწარმოები იბეგრებიან ბრუნვის 1%-იანი გადასახადით. იგეგმება დღგ-ის ზედმეტობების ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება, ეს ყოველივე პოზიტიურად აისახება ბიზნესის ნდობაზე, რაც პოტენციურად გამოიწვევს ინვესტიციების წახალისებას და გაზრდის პოტენციურ გამოშვებას გრძელვადიან პერიოდში.

























