მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფასად იმგზავრებთ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით - გაძვირდა თუ არა გადაადგილება?

5eddfc0631477
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.20 15:26
3707
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა და ავტოსადგურებიდან რეგიონების და პირიქით მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა ნებადართულია იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალურად საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის შეიმუშავა.

BM.GE-ი დაინტერესდა, ხომ არ გაძვირდა საქალაქთაშორისო მგზავრობა და რა ფასად შეძლებენ კარანტინის შემდეგ მოქალაქეები გადაადგილებას, რისთვისაც დედაქალაქში არსებული ავტოსადგურების ადმინისტრაციებს დაუკავშირდა.

საერთო სურათი არაერთგვაროვანია. მაგალითისთვის ფასების ცვლილებაზე საუბრობს დიდუბის ცენტრალური ავტოსადგურის გენერალური დირექტორი ნატო გელაშვილი. ის ამბობს, რომ ადმინისტრაცია შეეცადა, მძღოლების მიერ გაზრდილი ფასები გაეკონტროლებინა. შესაბამისად, დასავლეთის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზე ფასებმა 2-დან 5 ლარამდე მოიმატა.

„მოკლე რეისებზე ფასები არ გაზრდილა (გორი, ქარელი, მუხრანი, კასპი, ბორჯომი), რაც შეეხება უფრო დიდ რეისებს, რეგულაციების გამო მძღოლებს  ხარჯი აქვთ. ისინი კერძო პირები არიან და მიკროავტობუსი მისია. გაზრდილი ხარჯის გამო მათ გაზარდეს ფასები. შეძლებისდაგვარად ვეცადეთ გაგვეკონტროლებინა, რომ მეტად არ მომატებულიყო ფასები და განვსაზღვრეთ, რომ კილომეტრზე 6 თეთრი იქნებოდა საფასური“, - განმარტა დიდუბის ცენტრალური ავტოსადგურის გენერალურმა დირექტორმა.

შესაბამისად დიდუბის ავტოსადგურიდან ფასები შემდეგია:
• ბათუმი, ლენტეხი - 25 ლარი (ძველი ფასი - 20 ლარი);
• ლანჩხუთი, მარტვილი - 20 ლარი (17 ლარი);
• აბაშა, სენეკი - 18 ლარი (16-15 ლარი);
• ქუთაისი, წყალტუბო - 15 ლარი (12 ლარი);
• ვანი - 17 ლარი (15 ლარი);
• ზესტაფონი, ხარაგაული, ბაკურიანი, ახალციხე, საჩხერე - 12 ლარი (10 ლარი)
• ხაშური - 7 ლარი (5 ლარი).

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებებს, როგორც ნავთლუღისა და ორთაჭალის სადგურებში განმარტავენ, მგზავრობის საფასური არ დაკორექტირებულა და იგივე დარჩა.

„ნავთლუღის ავტოსადგურიდან მიკროავტობუსები ბათუმის, მესტიის, კახეთის და წალკის მიმართულებით მოძრაობენ და ფასები არ გაზრდილა; რომ მოუმატონ, რა აზრი აქვს, მგზავრი თუ არ ეყოლათ. ჯერჯერობით, მგზავრებიც არ არის და ვფიქრობთ, ნელ-ნელა მოთხოვნა მოიმატებს“, - აცხადებს ნავთლუღის ავტოსადგურის დირექტორი გია ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ნავთლუღიდან ბათუმის მიამრთულებით მგზავრობის საფასური 20 ლარია.

"ვინაიდან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მგზავრები პირბადეებით უნდა იყვნენ და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში დისტანციის დაცვა არ მოითხოვეს, შევსების კოეფიციენტი დარჩა იგივე, რამაც მძღოლებს საშუალება მისცა, ფასები არ გაეზარდათ“, - უთხრა BM.GE-ის თბილისის ცენტრალური ავტოვაგზლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ტრისტან სულაძემ.

უცვლელ ფასებზე საუბრობენ ფიროსმანის ქუჩაზე არსებული ავტოსადგურის ადმინისტრაციაშიც: „ჩვენგან მიკროავტობუსები გადიან ბოლნისის, კაზრეთისა და იმერეთის სოფლების მიმართულებით. ფასები არ შეცვლილა. ბოლნისში მგზავრობის ღირებულება 4 ლარია, ხოლო იმერეთის სოფლებისკენ საშუალოდ - 12 ლარი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები