გივი მიქანაძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის საცალო ფასები განისაზღვრა. დოკუმენტის მიხედვით, ბიჭისა და გოგოს სასკოლო ფორმის კომპლექტის ფიქსირებული ღირებულება 95 ლარია.
ბრძანების თანახმად, სასკოლო ფორმის თითოეული ერთეულის რეალიზაციის ფასი ასეთია:
- სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის) – 45 ლარი;
- სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის) – 25 ლარი;
- სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის) – 45 ლარი;
- სასკოლო შარვალი (გოგოსთვის) – 25 ლარი;
- სასკოლო ქვედაკაბა (მოკლე ან გრძელი) – 25 ლარი.
შესაბამისად, ბიჭის სასკოლო ფორმის კომპლექტი, რომელიც ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან შედგება, 95 ლარი ღირს, ხოლო გოგოს კომპლექტი, რომელიც პიჯაკს, შარვალსა და ქვედაკაბას მოიცავს, ასევე 95 ლარად გაიყიდება.
მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ეს ფასები ფიქსირებულია და სასკოლო ფორმის განსხვავებული ღირებულებით რეალიზაცია დაუშვებელია.
2026 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა" საქართველოში რეგისტრირებულ შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრისთან" 45 658 840 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) კონტრაქტი გააფორმა. შესყიდვის ობიექტს 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმა წარმოადგენს.
კონტრაქტში მითითებული ფასების მიხედვით, მწარმოებლისთვის თითოეული ერთეულის ღირებულება ასეთია:
- გოგოს პიჯაკი – 39.61 ლარი;
- ბიჭის პიჯაკი – 35.43 ლარი;
- გოგოს კაბა (ქვედაკაბა) – 16.76 ლარი;
- ბიჭის შარვალი – 19.65 ლარი;
- გოგოს შარვალი – 19.65 ლარი.
შესაბამისად, ხელშეკრულების მიხედვით, ბიჭის სასკოლო ფორმის კომპლექტის ღირებულება 74.73 ლარს შეადგენს, ხოლო გოგოს კომპლექტის – 76.02 ლარს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილ საცალო ფასსა და მწარმოებლის კონტრაქტით განსაზღვრულ ღირებულებას შორის სხვაობა ბიჭის ფორმაზე 20.27 ლარია, ხოლო გოგოს ფორმაზე – 18.98 ლარი.
ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით, ფორმების ძირითადი ქსოვილი 72% პოლიესტერის, 25% ვისკოზისა და 3% ელასტინისგან უნდა დამზადდეს. პროდუქცია გათვლილი უნდა იყოს 40-გრადუსიან მანქანურ რეცხვაზე, ხოლო გამოყენებული მასალები OEKO-TEX Standard 100-ის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ფორმების მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: 301 ათასი ერთეული – 2026 წლის 25 აგვისტომდე, 600 ათასი – 15 ოქტომბრამდე, ხოლო 900 ათასი – 30 ნოემბრამდე.
ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების გზით გაფორმდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქონლის მწარმოებელია ჩინური კომპანია Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co., Ltd., ხოლო სასკოლო ფორმების ბრენდია Eton Kidd. მიმწოდებლისთვის განსაზღვრულია 12-თვიანი საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაშიც გამოვლენილი დეფექტის შემთხვევაში კომპანიას პროდუქციის საკუთარი ხარჯით შეცვლა მოუწევს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი" საქართველოში 2026 წლის მარტში დაფუძნდა. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კომპანია წარმოადგენს ჩინური მწარმოებლის წარმომადგენელს, რომლის სამკერვალო საწარმო ჯიანგსუს პროვინციაში მდებარეობს და სასკოლო ფორმების წარმოებაზე სპეციალიზდება.




























