პლასტმასის ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანია "პოლივიმის" კომერციული დირექტორის, ბექა ფონჯავიძის თქმით, ნარჩენების გადამუშავებას ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც კერძო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოებისთვის, ისე - მოსახლეობისთვისაც. ამის შესახებ ფონჯავიძემ BMGdrive-ის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, მაგალითად, მუნიციპალიტეტებს შემოსავლის მიღება მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობის ხარჯზე შეუძლიათ.
"დღეს, მუნიციპალიტეტი ხარჯავს ბიუჯეტს იმისთვის, რომ შეაგროვოს ეს ნარჩენები, ურნები განათავსოს, შემდეგ ჩამოიაროს, შეაგროვოს ნარჩენები, წაიღოს და დამარხოს - ეს ხარჯია, ნაგავსაყრელის რესურსიც ამოწურვადია და ცალკე მოვლა-პატრონობა სჭირდება, ქაოსურად ვერ დაყრი ნარჩენებს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყო.
ნაცვლად ამ ხარჯისა, მუნიციპალიტეტს შეუძლია, უზრუნველყოს მინიმალური ინფრასტრუქტურა, რომ რეციკლირებდი მასალები დამოუკიდებლად, სეპარირებულად შეაგროვოს და გაყიდოს - ეს მასალაა, ნედლეულია, ფასი აქვს და ამის საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს. როდესაც მუნიციპალიტეტი ნარჩენებს აუქციონზე გაყიდის, შესაბამისი ნებართვის მქონე გადამმუშავებელი კომპანია, ამაში მიიღებს მონაწილეობას და იხდის თანხას - ეს არის შემოსავალი მუნიციპალიტეტისთვის", - აღნიშნავს "პოლივიმის" კომერციული დირექტორი.
რაც შეეხება მოსახლეობას, ფონჯავიძემ იმ ქვეყნების მაგალითი მოიყვანა, სადაც პლასტმასის ბოთლების ჩაბარების სანაცვლოდ, სუპერმარკეტები სხვადასხვა სარგებელს, მათ შორის, პროდუქტის ვაუჩერებს გასცემენ.
"თუ მოსახლეობაზე ვისაუბრებთ, ვიცით, რომ დასავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ქვეყნებში თითოეულ ბოთლს თავისი ფასი აქვს. მაგალითად, ხდება პლასტმასის ბოთლის ჩაბარება და სანაცვლოდ მოქალაქე იღებს ან ფინანსურ სარგებელს, ან ტალონს, რომელსაც შემდეგ სუპერმარკეტში იყენებს და ეკონომიკურ სარგებელს ნახულობს.
ბიზნესისთვისაც პლასტმასა არის ღირებული პროდუქცია, რომელსაც მიიტანს გადამმუშავებელ კომპანიამდე და ამის სანაცვლოდ აიღებს თანხას. [ბიზნესი ასე არ იქცევა] იმიტომ, რომ თვითონაც უჭირთ ნარჩენების მოპოვება, არ არის სეპარირებული შეგროვება და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ამიტომ კერძო სექტორს უჭირს, ხელი არ მიუწვდება, რომ რეციკლირებული მასალები შეკრიბოს. მეტი წილი იფლაგნება, იმარხება და ბუნებაში გაიფლანგება", - ამბობს ბექა ფონჯავიძე.