მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გადაწყვეტილების მიღება შეეძლო მთავრობას ე.წ ოქროს სიაზე – ბიზნესომბუდსმენის მოსაზრება

5cf924d8ae55b
ლიკა გურაბანიძე
06.06.19 18:34
1072
"ჩემი სურვილი იქნებოდა, გათანაბრება მომხდარიყო ვადის გაგრძელებით და არა გარკვეული კომპანიებისთვის ვადების შემოკლებით", - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

ლექვინაძის თქმით, "ოქროს სიის" არსებობა ბევრი კომპანიისთვის კარგი მოტივატორია, რომ ისინი იყვნენ უფრო რეპუტაციულები და იმ შეღავათებით ისარგებლონ, რომელიც თუნდაც ვადებში გარკვეული შეღავათებით არსებობას გულისხმობს.

"ჩვენი მთავარი წუხილი ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს დროში ძალიან სწრაფად და კომუნიკაციის გარეშე მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, როდესაც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიიღება.

ბიზნეს ასოციაციიდან წერილები უკვე შემოგვივიდა და გუშინდელი დღის შემდეგ აქტიურები ვართ", - აღნიშნა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანიებისთვის მინიმუმ გონივრული ვადა იყოს იმისათვის, რომ კომპანიები მოემზადონ და ფინანსური მოდელის ცვლილება არ მოუხდეთ. ირაკლი ლექვინაძე 12 ივნისს რეგულაციის ძალაში შესვლის მოკლე დროდ მიიჩნევს.

"გამიჭირდება ვადის დასახელება, თუმცა შესაძლოა ეს იყოს რამდენიმეთვიანი პერიოდი.

მე არ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ არსებობდეს ოქროს სია და ის შეღავათები, რომელიც დღეს არსებობს. თუ ჩვენ გვინდა, რომ მცირე ბიზნესსაც ჰქონდეს უფრო მეტი წვდომა ფინანსურ რესურსებზე, შესაძლებელია მათთვისაც მოხდეს ვადების დაგრძელება და გათანაბრება ერთიან პირობებში", - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.

კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება "ოქროს სიის" მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).

ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში –გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (2019 წლის 2 ივლისს).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები