ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გამგეობის საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„2020 წელს ორი ძირითადი პრიორიტეტი გვექნება: ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახია, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი უნდა იყოს ის, რომ სოციალურად მეტად დაცული და ფინანსურად წელში გამართული ოჯახები გვყავდეს. მათ არ ჰქონდეთ იმის საჭიროება, რომ გამგეობასა და მერიას წამლის ფულზე მიაკითხონ. ეს შესაძლებელია და ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის.
კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას და თანადგომას. ისინი რეალურად ხედავენ, თუ რა კეთდება ქალაქში. ამ მხარდაჭერისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ენერგიას არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს განსხვავებული. ის პროექტები, რომელიც განხორციელდა, თვალშისაცემი და ხელშესახები იყოს თითოეული თბილისელისათვის. ვაკეთებთ იმას, რაც 20-25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა და ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის: გზები, ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, მწვანე სივრცეების შექმნა, რომელთა ნაკლებობაც გვაქვს. სადაც შესაძლებელი იყო, ყველგან კორპუსი ააშენეს და წლების განმავლობაში მშენებლობა მიდიოდა. ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. დღეს გვაქვს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ ამ ყოველივეს ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ.
აუცილებლად მოვაწესრიგებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია. ვიტრაბახებთ იმით, რომ თბილისს ეყოლება ყველაზე გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ახალი ავტობუსებით, მიკროავტობუსებით და მეტროთი.
იცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს ადამიანი ირაკლის სახით, არსებობს გამგეობა, ადგილობრივი თვითმართველობა, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხზე მიხვიდეთ. იცოდეთ, რომ ზურგს გიმაგრებთ თქვენი რაიონის გამგეობა, ასევე, ზურგს გიმაგრებთ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, მერიის სახით და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს კომპეტენციაში და შესაძლებლობებში შედის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პრეზენტაციაზე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა განხორციელებულ პროექტებზე და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.
„მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისად და მათი ჩართულობით, ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენთვის პრიორიტეტია გზების რეაბილიტაცია, უსაფრთხოების მიზნით გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა, სკვერების, რეკრეაციული ზონებისა და სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა. რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ასეთი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაო 100 მისამართზე შესრულდა. აქედან 35 ქუჩა, ასევე, შესახვევი და ჩიხი კაპიტალურად შეკეთდა. გზის საფარი ჯამში, 130 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.
გრუნტის დამჭერი, საყრდენი კედლები 32 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა; ასევე რეაბილიტაცი ჩაუტარდა 23 სპორტულ მოედანს; მოეწყო ორი ახალი რეკრეაციული სივრცე, ხოლო 8 მისამართზე არსებულ სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. გარდა ამისა, 32 მისამართზე საბავშვო ატრაქციონები, 23 ლოკაციაზე კი სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი 242 მისამართზე განხორციელდა.
40 000-მდე მოქალაქეს სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარება გაეწია. აგრეთვე, გამგეობის დაფინანსებით, 27 კულტურულ-გასართობი, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიება ჩატარდა.
2018-2019 წლების განმავლობაში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის, ჯამში 34 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.