მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გაკვეთილი მიიღო პანკისის მოვლენებიდან ეკონომიკის მინისტრმა - თურნავას ინიციატივა

5cfa3032efe12
სალომე მეცხვარიშვილი
07.06.19 13:34
973
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე, სადაც ის ანგარიშს წარადგენს, რამდენიმე კვირის წინ პანკისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, როდესაც ადგილზე ჰესის პროექტის მშენებლობას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო, რის შემდეგაც მოვლენები ადგილობრივებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჰესის ინვესტორს მოსახლეობასთან წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჰქონდა კომუნიკაცია პროექტთან დაკავშირებით, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ეკონომიკის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებებს შეიმუშავებს.

“ჩვენი ინიციატივა გულისხმობს სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას - (ინვესტორს), მოსახლეობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის, რომელიც სამმხრივი კონტრაქტებით უნდა გამოიხატებოდეს, სადაც თითოეულ მხარეს ეცოდინება, თუ ვინ რას აკეთებს. ეს არ უნდა იყოს ინვესტორის ნება-სურვილზე და ეს არ უნდა იყოს ინვესტორისთვის სიურპრიზი, რომ დამატებითი ძალისხმევაა გასაღები, რათა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმდეს სოციალურ პაკეტებზე. ეს უნდა იყოს მამოტივირებელი და მადისციპლინირებელი დოკუმენტი ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც იმისთვის, რომ ამ კომუნიკაციამ არ მიიღოს მახინჯი ფორმები, როგორც ზოგიერთ შემთხვევაში ხდება. ჩვენ ამ ინიაციატივას ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო დონეზე დავაყენებთ. ეს არის ერთ-ერთი გაკვეთილი რომელიც პანკისის მოვლენებიდან გამოვიტანეთ”,- აცხადებს ნათია თურნავა.

მისი თქმით, ყველამ კარგად ვიცით და ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს სჭირდება მეტი ელექტროენერგია, მეტი განახლებადი წყაროები იმისთვის, რომ ვიყოთ მეტად უსაფრთხო და ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე.

“პანკისს სჭირდება მეტი დასაქმება, მეტი ახალი პროექტი, მეტი ბიზნესი და მათ შორის მცირე ჰესები. აქედან გამომდინარე დიდი იმედი გვაქვს, რომ ინვესტორისა და მოსახლეობის ჩართულობით მივაღწევთ კონსესუსს პანკისის შემდგომი განვითარების პროგრამებთან დაკავშირებით და მათ შორის, მცირე ჰესებიც იქნება, რადგან ამ ხეობას უკვე აქვს კარგი გამოცდილება ამ თვალსაზრისით. ის, რაც მოხდა, იყო ძალიან სამწუხარო გაუგებრობა და როცა მსგავსი ფაქტი ხდება, რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხიმგებლობა არის სახელმწიფოსი და ეკონომიკის სამინისტროსი და მინისტრისაც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას ამ პრობლემაზე და არამარტო. მე დავინახე ძალიან დიდი გამოწვევა მთლიანად ენერგეტიკის სფეროს რეფორმირებისთვის. ანუ პანკისისა და სხვა რამდენიმე მსგავსმა შემთხვევამ, როდესაც ქვეყნისთვის ძალიან საჭირო პროექტები ცუდი კომუნიკაციის გამო ბრკოლდება და ვერ ხორციელდება დროულად, ამან დაგვანახა, რომ ენერგეტიკის სექტორი საჭიროებს სწრაფ რეფორმირებას, მათ შრის უკეთესი კომუნიკაცია, რომელიც აშკარად აკლდა ამ კონკრეტულ შემთხვევას”,- აცხადებს მინისტრი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები