დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ბეილიმ სიმპოზიუმზე წარმოთქმულ სიტყვაში ფინანსური სტაბილურობის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალური ფინანსური სისტემა, შესაძლოა, ისევ დაუბრუნდეს კრიზისულ ეპოქას, თუკი რეგულატორები ზედმეტად მოდუნდებიან და სათანადო რეაგირებას არ მოახდენენ.
ბეილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ განხორციელებულმა რეფორმებმა საბანკო სისტემა უფრო მდგრადი გახადა, ბოლო წლებში გაიზარდა არასაბანკო სექტორის წილი, სადაც ხშირია ჭარბვალიანობა და ნაკლები გამჭვირვალობა. სწორედ ეს ურთიერთკავშირი ბანკებსა და არასაბანკო ინსტიტუტებს შორის ქმნის ახალ სისტემურ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა მარტივად გადაიზარდოს ფინანსურ კრიზისში.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეს რეგულაციებზე იზრდება პოლიტიკური ზეწოლა, თითქოს ისინი აფერხებენ ეკონომიკურ ზრდას და ინოვაციას. თუმცა ბეილის აზრით, რეგულაციების შესუსტებამ შესაძლოა გაანადგუროს ის სტაბილურობა, რაც წლების განმავლობაში იქმნებოდა.
“როდესაც ფინანსური სისტემა წარმატებულია და კრიზისი არ ჩანს, ჩნდება ცდუნება: ვიფიქროთ, რომ რეგულაციები ზედმეტია. სწორედ აქედან იწყება ახალი კრიზისი”, - ამბობს ბრეილი.
მისი შეფასებით, ფინანსური სტაბილურობის ყველაზე დიდი რისკი არის წარსულის დავიწყება, როცა საზოგადოება და პოლიტიკოსები აღარ ხედავენ საფრთხეს, რადგან “ახლა არაფერი ცუდი არ ხდება”.




























