მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები ახლავს სათამაშოების ექსპორტს?

კოკიტო

ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია "კოკიტოს სათამაშოების" დამფუძნებელი, ლალიკო გოგიბერიძე BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" სათამაშოების საექსპორტო მიმართულებით გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ხის სათამაშოების ლაბორატორიულ შემოწმებას და მის სერტიფიცირებას უზრუნველყოფს.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამგვარი კვლევების ჩატარება თურქეთში ან გერმანიაშია შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ქართულ კომპანიებს პროდუქციის ევროპაში, სხვა ბრენდის ქვეშ გაყიდვა უწევთ.

"ქართული წარმოებისთვის ექსპორტი დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც დღემდე გადაუჭრელია. 2018 წელს პროდუქციის სერტიფიცირება რომ დავიწყეთ, დღემდე საქართველოში არ მომხდარა ლაბორატორიის უზრუნველყოფა, რომ სერტიფიცირების პროცესი განხორციელებულიყო. აღნიშნული კვლევის ჩატარება თურქეთში ან გერმანიაში შეგვიძლია. შესაბამისად, ისეთ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, ჩვენი პროდუქციის თავის ბრენდის ქვეშ მოქცევა, სერტიფიცირების უზრუნველყოფა და რეალიზაცია სურთ. ანუ, საბოლოო შეფუთვა და სერტიფიცირება იმ კომპანიის მიერ ხდება. რადგან, ევროპულ ბაზარზე „კოკიტოს“ ბრენდის სახელით გავყიდო პროდუქცია, ძალიან ძვირი ჯდება.

წარმოების წილის 70% ექსპორტზე გაგვაქვს, რადგან საექსპორტო ბაზრებიდან მოთხოვნა, ადგილობრივს მკვეთრად აჭარბებს. გვყავს ორი პარტნიორი, რომლებიც პროდუქციას გარე წარმოების ფარგლებში ამზადებენ. ამასთან, პოტენციურ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია.

პროდუქციას მაღალი ხარისხის ადგილობრივი ნედლეულისგან და გერმანული, სერტიფიცირებული ლაკ-საღებავებისგან ვამზადებთ, რომელიც წყლის ბაზაზეა დამზადებული. ამასთან, ჩვენი პროდუქტების დიდი ნაწილი ექსპორტზეა გატანილი, რაც ადასტურებს, რომ სათამაშო სრულიად უსაფრთხოა",- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე განმარტებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის დამზადება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მუშახელიც არ არის იაფი. შესაბამისად, პროდუქციის ღირებულება დაახლოებით 25-300 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გოგიბერიძე ეთერში სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მიზანი, ახალი ობიექტების დამატებაა, რაც პროდუქციის ხელმისაწვდომობას მეტად გაამარტივებს. ამასთან, წარმოებაში ახალი მოდელების დამატებაც იგეგმება, რომლის პროტოტიპებიც უკვე არსებობს.

სამომავლო პერსპექტივაში კი, კომპანია ახალი საექსპორტო ბაზრების დამატებასა და ექსპორტის უფრო მასშტაბური რაოდენობით განხორციელებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები