ამანათების მომსახურე კომპანიები გზავნილების ჩაბარების პროცედურების გამარტივებას ითხოვენ, რადგან, მათი შეფასებით, დამატებითი დოკუმენტაციების მოთხოვნა ამანათების გაცემის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს.
კონკრეტულად რა შეფერხებების წინაშე დგანან ამანათების გადამზიდავი და მომსახურე კომპანიები - ამ საკითხზე BMGTV-ის ეთერში საქართველოში UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ქოპილაშვილი საუბრობს.
“საერთაშორისო პრაქტიკას თუ დავეყრდნობით, ამერიკაში უკვე შესაძლებელია, ამანათი მომხმარებელს კარებთან, ხელმოწერის გარეშე დაუტოვო. საქართველოში კი გვიწევს, მომხმარებელს დავურეკოთ, რათა ის ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ადგილზე დაგხვდეს, საჭიროა პირადი ინფორმაციის ჯერ ფურცელზე, ხოლო შემდეგ შემოსავლების სამსახურის ციფრულ სისტემაში ატვირთვა - ეს ყველაფერი პროცესს ძალიან ართულებს.
ამას ემატება თბილისში საცობების გამო გადაადგილებისა და პარკინგის პრობლემა - ჯარიმის გამომწერი ორგანოები არ ითვალისწინებენ, რომ კურიერები თუ საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები ამანათის მისამართზე მიტანისას ერთ ადგილას დიდხანს არ ყოვნდებიან და ჯარიმებს მაინც წერენ. ამას ემატება მიმღები ადამიანის ლოდინიც და ეს გზავნილების ჩაბარება ფერხდება”, - განმარტავს UPS-ის წარმომადგენელი.
ქოპილაშვილის განმარტებით, გამოსავალი დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნისა და ციფრულ პლატფორმაზე ატვირთვის ვალდებულების მოხსნაა.
“ვისურვებდით, რომ ამანათების ჩაბარების პროცესი უფრო სწრაფად გამარტივდეს. ამოვიღოთ პირადი ინფორმაციის მოთხოვნისა და ციფრული ატვირთვის ვალდებულება ამანათებზე, რომლებსაც დეკლარირება არ სჭირდებათ - აღნიშნული ამანათები შესაბამის საბაჟო პროცედურებს თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე გადის და ჩვენთვის გაუგებარია, დამატებითი პროცედურები რა საჭიროა”, - ამბობს გიორგი ქოპილაშვილი.
გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ კუთხით შესაბამისი კომუნიკაცია ფინანსთა სამინისტროსთან იყო, თუმცა ნაბიჯები არ გადადგმულა და ცვლილებებს კვლავ ელოდებიან.