მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშეა შოკოლადის სახელოსნო Mouth Melters?

შოკოლადი

შოკოლადის სახელოსნო Mouth Melters-მა კაკაოს შესყიდვასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო, ყავის შოკოლადის ფიზიკურ ობიექტებზე რეალიზაციისა და ასორტიმენტში ახალი პროდუქტების დამატება გაუჭიანურდა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ერეკლე ლოლაძემ BM.GE-სთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ყავისთვის განკუთვნილი შოკოლადი უკვე რამდენიმე თვეა ონლაინ იყიდება, თუმცა მსოფლიოში შექმნილი კაკაოს დეფიციტის გამო, მარკეტინგულ აქტივობებსა და ფიზიკური ობიექტების ძებნა არ დაუწყიათ. ამასთან, ახალი პროდუქტის, კერძოდ სტანდარტული ფილა შოკოლადის დამატებამაც ერთი თვით გადაიწია.

"კაკაოს შესყიდვასთან დაკავშირებით, დაუზუსტებელი დეტალები და გარკვეული შეფერხებები იყო, შესაბამისად, სხვა პროცესები შევაფერხეთ. ამ ეტაპზე, ყავის შოკოლადის ხუთი სახეობა გვაქვს, მათ შორის ერთი რძიანი და 4 შავი შოკოლადი, რომლებშიც კაკაოს განსხვავებული პროცენტული რაოდენობებია. ფილა 15-გრამიანია და ამჟამად, ონლაინ იყიდება.

გარდა ამისა, სექტემბერში სტანდარტული ფილა შოკოლადი უნდა დაგვემატებინა, თუმცა კაკაოს დეფიციტის გამო, სავარაუდოდ პროცესებმა ოქტომბრის ბოლომდე გადაიწია",- აცხადებს დამფუძნებელი.

ერეკლე ლოლაძე ასევე საახალწლო პერიოდში გაზრდილ მოჭარბებულ მოთხოვნაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ახალი წლის პერიოდში, ყოველწლიურად მოთხოვნა დაახლოებით 150%-მდე იზრდება, შესაბამისად, ახალი წლისთვის მარაგების შესყიდვა იგეგმება.

მისი ინფორმაციით, საახალწლო ჯავშნები ნოემბრიდან იწყება და აქტიური ჯავშნების პერიოდი დეკემბრის შუა რიცხვებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები