მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები აქვს ლედ სანათების მწარმოებელ კომპანიას საქართველოში?

5e4e569dcd349
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.20 15:50
1021
ლედ სანათების ქართული ბრენდის MLED–ის მწარმოებელი კომპანია Mygps-ის ოპერაციების დირექტორი დავით ჭიჭინაძე ადგილობრივ ბაზარზე ბიზნესის წარმოებისას არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად არაერთ ტენდერში შედეგიანი მონაწილეობისა, ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია არ არის, რაც ამ მიმართულებაში ცოდნის დეფიციტით არის განპირობებული.

BM.GE-სთან საუბრისას დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ კომპანია ხელმისაწვდომ ფასად, ევროპული სტანდარტებით აწარმოებს პროდუქციას, თუმცა ხშირად მათი პროდუქტი გაურკვეველი მიზეზების გამო ტენდერებში მონაწილეობისას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. Mygps-ის ოპერაციების დირექტორი კომპანიის ოპერირების პერიოდში არსებულ რამდენიმე გამოწვევას გამოყოფს:

"• სახელმწიფო შესყიდვებისას დიდი პრობლემაა უსაფრთხოების, ელექტრო-გამართულობის, ხარისხის და სხვა ევროპული სტანდარტების მოთხოვნის საკითხი. ხშირია შემთხვევები, როცა არანაირი სტანდარტი არ მოითხოვება და შემსყიდველი თითქმის არ ინტერესდება შეძენილი საქონლის ხარისხით, უსაფრთხოებით, სიცოცხლე-უნარიანობით თუ სხვა.

• ხარისხის დამდგენი ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს არანაირი სახით, რაც ხელ-ფეხს უხსნის არაკეთილსინდისიერ მომწოდებელს, წარადგინოს პირდაპირი გაგებით ფოტოშოპში დახატული დოკუმენტაცია ტენდერებში და ეს მას ჩაუთვალონ დამაკმაყოფილებლად. არის კომიკური შემთხვევები, როცა რომელიმე ხელმძღვანელის თვალით "შემოწმებით" ხდება გადაწყვეტილების მიღება და არა – რეალური, ობიექტური, გაზომვადი პარამეტრების მიხედვით.

• 2019 წელს მთლიანად ტენდერებით დახარჯულმა თანხამ შეადგინა 25 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც ხარისხიანი პროდუქციის და მით უმეტეს, მათში ქართული წარმოების სანათების რაოდენობა მიზერული იყო. თითოეული მუნიციპალიტეტი ადგენს საკუთარ, ხშირად მათთვისვე გაუგებარ, გადმოწერილ სატენდერო მოთხოვნებს და ასრულებს მხოლოდ ფორმალობებს, მაშინ როცა შეძენისას თითქმის არაფერი მოწმდება. მიზეზი მუდამ სხვადასხვაა, დაწყებული ელემენტარული არაკომპეტენტურობით, დამთავრებული სავარაუდო ანგარებით სხვა პრეტენდენტის მიმართ. ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფოს სამართლებრივი რეაგირება მსგავს აშკარა თემებზე არცერთხელ ყოფილა.

• დღესდღეობით რაც გამოჩნდა, არის მხოლოდ სატენდერო დოკუმენტაციის სტანდარტიზების ფაქტი, რაც აკომპენსირებს არაკომპეტენტურობას, თუმცა ამავდროულად მოუქნელს ხდის ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ტექნიკური გადაწყვეტის შედგენას, რადგან მუნიციპალიტეტები სრულად უმოქმედონი ხდებიან ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულებით. ნებისმიერი მათი თანდასწრებით ზარი სამინისტროში მთავრდება მომყოლი ზარით სამინისტროდან, რომ არც გაბედონ რამის შეცვლა, რა თქმა უნდა, "რეკომენდაციული" ხასიათის ზარით", - ამბობს დავით ჭიჭინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები