სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი თვის ბოლოს საქართველოს დატოვებს. 4-წლიანი მუშაობის შემდეგ მერსი ტემბონი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს და მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრობს.
მისი შეფასებით, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, რაც რეფორმების დამსახურებაა, თუმცა, ქვეყანაში რჩება გამოწვევები, რომლებზეც ქვეყანამ უნდა იმუშაოს.
“ბოლო 4 წლის განმავლობაში, რაც მე აქ ვიმყოფებოდი, უზარმაზარი ცვილილებები განხორციელდა ყველა მიმართულებით და საქართველო უფროდაუფრო ძლიერდება წლების განმავლობაში. მოდი, ავიღოთ ბიზნესგარემო - როცა ჩამოვედი, საქართველო მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების” რეიტინგში 23-ე ადგილს იკავებდა, შემდეგ გადაინაცვლა მე-19 ადგილზე, მე-16-ზე, შემდეგ იყო მეცხრე ადგილი და ბოლო რეიტინგით ის მე-6 ადგილს იკავებს. ტრენდი პოზიტიურია. ეს ყველაფერი კი, იმ რეფორმების დამსახურებაა, რომელიც ქვეყანამ ჩაატარა. ეს ასევე შედეგია იმ ინვესტიციების, რომელიც ხელისუფლებამ და მსოფლიო ბანკმა განახორციელა ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით”, - აცხადებს მერსი ტემბონი.
მისი თქმით, ის ამაყია, რომ საქართველოს ხელისუფლება ფოკუსირებას ახდენს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რათა ქვეყანა ტრანზიტული ჰაბი გახდეს.
“ამაყი ვარ იმითაც, რომ ხელისუფლება განათლების რეფორმაზე აკეთებს აქცენტს, რადგანაც ყველა ქვეყნის ყველაზე დიდი კაპიტალი არის ადამიანი. ამიტომ ადამიანური კაპიტალის განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება გამოწვევებს, რა თქმა უნდა, რჩება პრობლემები. ბიზნესის კეთების რეიტინგი კარგია, თუმცა კვლავ აუცილებელია კერძო სექტორის განვითარება, ამიტომაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური ხელმისაწვდომობა, კაპიტალის ბაზრის განვითარება და ამ კუთხით საქართველოს გაჩენა რუკაზე არის აუცილებელი. კარგია, რომ ტურისტების მაჩვენებლი იზრდება, თუმცა, ასეთ დროს სერვისებიც გჭირდება. ეს ის სფეროა, სადაც ჯერ კიდევ არის სამუშაო და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ამის პოლიტიკური ნება და ამას გააკეთებს კიდეც”, - აცხადებს მერსი ტემბონი.

























