მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებს აწყდებიან ინვესტორები საქართველოში? - „ატლანტიკ საქართველო“

5ede291ad229a
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.20 10:15
1462
პროფესიული კადრებისა და ნედლეულის დეფიციტი - ეს ის გამოწვევებია, რომელსაც ფრანგული კომპანია „Groupe Atlantic”-ის შვილობილი კომპანია “ატლანტიკ საქართველო“ საქართველოში ოპერირებისას წააწყდა. 

„ატლანტიკ საქართველოს“ დირექტორი სტეფან ლე მატრი BM.GE-ისთან საუბრისას, პირველ რიგში, იმ უპირატესობებს ასახელებს, რის გამოც ფრანგულმა კომპანიამ საქართველოს ბაზარზე ინვესტირება გადაწყვიტა და აღნიშნავს, რომ 3 წლის განმავლობაში ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაფუძნებულ საწარმოში 73 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

"შემიძლია გაგიზიაროთ, რამ განაპირობა, ჩვენი ჯგუფის დაინტერესება საქართველოთი: პირველ რიგში, ეს იყო გეოგრაფიული მდებარეობა, საქართველოს ლოკაცია ძალიან მოსახერხებელია პროდუქციის მიწოდების თვალსაზრისით როგორც ევროპისთვის, ასევე აზიისთვის, შავ ზღვაზე არსებული პორტების საშუალებით შეგვიძლია მოვიცვათ ბევრი ქვეყანა, რაც კარგად ჩანს ჩვენი საექსპორტო ქვეყნების სიიდან. ასევე, ძალიან მიმზიდველი იყო მარტივი საბაჟო პროცედურები და გამჭვირვალე ბიზნეს გარემო, ელექტროენერგიის, გაზის ტარიფები რაც კრიტიკულია წარმოების თვალსაზრისით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საქართველოში ნამდვილად შესაძლებელია მაღალი კვალიფიციური კადრების მოძიება, სამწუხაროდ, არა - ყველა მიმართულებით (სერიოზული სირთულეა საინჟინრო კომპეტენციების კუთხით), მაგრამ სხვა კუთხით დასაქმების ბაზარი ნამდვილად ძალიან მიმზიდველია“, - ამბობს სტეფან ლე მატრი.

კომპანიის დირექტორი იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რომელიც ოპერირებისას შეხვდათ და აცხადებს, რომ
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ინვესტორს ხვდება საქართვველოში, წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის და კომპონენტების მოძიების სირთულეა, ამიტომ ამ ეტაპზე ნედლეულის უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია.

"გარდა ამისა, ტექნიკური პერსონალის (მექანიკოსი, ელექტრიკოსი და ა.შ.) და ინჟინერიის კუთხით კვალიფიციური კადრების სიმცირეს წავაწყდით და დღემდე სირთულეებს განვიცდით ამ კუთხით, ამიტომ ჩემი აზრით, აუცილებელია, ქვეყნის მასშტაბით ტექნიკური მიმართულებით სწავლებაზე ფოკუსირება“, - ამბობს „ატლანტიკ საქართველოს" დირექტორი.

მისივე თქმით, კომპანიამ ეს გამოწვევები თავისი რესურსების ხარჯზე გადაწყვიტა.

„ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოვიყენეთ ჯგუფის შიგნით დაგროვილი გამოცდილება, ვიყენებდით ჯგუფის ადამიანურ რესურსს ჩვენი თანამშრომლების სწავლებისთვის და 1 წელიწადში შევძელით ის, რომ ქუთაისის ქარხანა ჯგუფის სხვა ქარხნების სტანდარტამდე მივიყვანეთ, რაც არ წარმოადგენდა მარტივ პროცესს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო, რითიც ძალიან ვამაყობ.

ასევე, იმისთვის, რომ შეგვემცირებინა წყლის ელექტრო-გამათბობლის წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტების იმპორტი, რაც გარდა დამატებითი ფინანსებისა, ლოგისტიკურ სირთულეებთანაც არის დაკაშირებული, გადავწყვიტეთ, თავად დაგვეწყო გარკვეული კომპონენტების წარმოება; შევიძინეთ დანადგარები და ამ ეტაპზე ჩვენით ვაწარმოებთ ჩვენი პროდუქციისთვის საჭირო პლასტმასის თავსახურებს, სპირალს, გამათბობლის მილებს და ა.შ. მსგავსი პრაქტიკა ჩვენს ჯგუფში არსებული ქვეყნებიდან არავის აქვს საქართველოს გარდა, რადგან მოვახერხეთ და გამოწვევა ვაქციეთ შესაძლებლობად“, - აცხადებს სტეფან ლე მატრი.

BM.GE-ს კითხვაზე - როგორ შეაფასებთ ბიუროკრატიის დონეს, რამდენად მარტივია საქართველოში ამ მხრივ ოპერირება, „ატლანტიკ საქართველოს“ დირექტორმა ჩვენი ქვეყანა დადებითად შეაფასა.

„ჩემთვის საქართველო, მესამე ქვეყანაა, საფრანგეთის გარდა, სადაც მუშაობა მომიწია. საზღვარგარეთ 14-წლიანი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ საქართველოში ამ მხრივ ოპერირება ყველაზე ადვილია. ვფიქრობ, მთავარი რაზეც ხელისუფლებამ აქცენტი უნდა გააკეთოს, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და ხელის შეწყობაა, რათა შესაძლებელი იყოს ადგილზე იმპორტირებული პროდუქციის ნაწილობრივი ჩანაცვლება მაინც“, - აღნიშნა სტეფან ლე მატრიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები