მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა განაპირობებს ინვესტორების მზარდ დაინტერესებას უზბეკეთის ბაზრით - ნიკა ქურდიანის შეფასება

უზბეკეთი

ბოლო წლების განმავლობაში უზბეკეთის ბაზრით საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება მზარდია. მათ შორის, ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში უკვე წარმოდგენილია ათეულობით ქართული კომპანია.

TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორის განცხადებით, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, ის გარემოება, რომ ეს ბაზარი ინვესტორებისთვის დაახლოებით 8-9 წელია რაც გაიხსნა და მას შემდეგ არაერთი რეფორმა გატარდა.

როგორც ნიკა ქურდიანი BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც მათ შორის ქართული კომპანიები უზბეკეთით ინტერესდებიან, ამ ბაზრის ზომაა. ქვეყნის მოსახლეობა 38 მილიონს შეადგენს.

“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ უზბეკეთი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ე.წ. ჩაკეტილი ქვეყანა იყო. რატომ? იმიტომ, რომ ქვეყნის ეკონომიკა იყო დახურული, დაცული გარე გავლენებისგან, არ იყო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ამ ბაზარზე შემოსვლა. ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა 2017 წლიდან, როდესაც მმართველობაში ახალი პრეზიდენტი და მისი გუნდი მოვიდა, რომელმაც ეკონომიკური ლიბერალიზაცია დაიწყო. იმის მერე ძალიან ბევრი რეფორმა გაკეთდა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და რაც მთავარია, ყველაფერი კეთდება, რომ ინვესტორები, უცხოური კომპანიები შემოვიდნენ და უზბეკეთის ეკონომიკა განავითარონ.

მეორე ფაქტორი, რაცაა ესაა კოლოსალურად დიდი ბაზარი, 38 მილიონის მოსახლეობით. ჩვენს რეგიონში ყველაზე დიდი ბაზარია მოსახლეობის კონტექსტში და ასევე, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი არის. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელი ფაქტორია.

ალბათ, მესამე ფაქტორი ისაა, რომ კულტურულად, ეს ორი ერი, საქართველო და უზბეკეთი, ახლოს არიან. ძალიან დიდი პატივისცემით ეპყრობიან საქართველოს და ყველაფერს, რაც საქართველოში გასული 30 ან ცოტათი მეტი წლის განმავლობაში გაკეთდა. აქედან გამომდინარე, მათთვის აქ ქართული კომპანიების ჩამოსვლა, პირიქით იმის მანიშნებელია, რომ რაღაც ახალს ისწავლის აქაური მოსახლეობა და ბიზნეს სექტორი ჩვენგან და პირიქით ხელს უწყობენ ქვეყანაში ასეთი ცოდნის შემოდინებას”, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

ცნობისთვის, „თიბისი“ უზბეკეთის ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. TBC უზბეკეთის მომხმარებელთა რაოდენობა ამ დროისთვის 22 მილიონს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები