მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა განაპირობებს IT სექტორის შემოსავლების ზრდას - ასოციაციის შეფასება

თორნიკე სულაბერიძე

ICT ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუკი გასულ წლებში IT სექტორის მკვეთრი ზრდა ძირითადად მიგრაციის ეფექტს უკავშირდებოდა, ამჟამად დარგში უკვე მეტწილად ბუნებრივი ზრდის ტენდენციები ფიქსირდება.

საქმე ისაა, რომ 2025 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 1,15 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 67%-ით, ანუ 459 მილიონი დოლარით მეტია.

როგორც BMG-სთან ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თორნიკე სულაბერიძე აცხადებს, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში შექმნილ IT პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია.

მისივე თქმით, სექტორის მზარდი ექსპორტის განმაპირობებელი კიდევ ერთი ფაქტორი კომპანიების მიერ ხელოვნური ინტელექტის კიდევ უფრო აქტიურად დანერგვაა.

„მთლიანობაში თუ შევხედავთ ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სექტორს, 8%-მდე არის მისი მოცულობა მშპ-ში გაზრდილი. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლიდან დაიწყო საქართველოს როგორც მიმზიდველი ქვეყნის პოზიციონირება ტექნოლოგიურ რუკაზე.

საკმაოდ ბევრი [საერთაშორისო] კომპანია შემოვიდა საქართველოში, შემდეგ ამას მიგრაციული ნაკადებიც დაემატა და ეს „ბუსტი“, რომელიც ამ ეფექტებმა გამოიწვიეს, შემდგომ მინელდა და უკვე ქვეყანამ დაიწყო არსებული თავისი პოტენციალის კომერციალიზაცია. სწორედ ამიტომ უკვე დღეს რა ციფრებსაც ჩვენ ვხედავთ, ეს უკვე არამხოლოდ გარე ეფექტებით, არამედ ქვეყნის შიდა ადამიანური რესურსებით გამოწვეული ეფექტია. მის მიერ მიღწეული წარმატება. მოსალოდნელია, რომ წელსაც გაიზრდება [IT სექტორის საგარეო შემოსავლები], თუ არ იქნება რაიმე დამატებითი ხელოვნური ბარიერები შექმნილი, რომელიც შეაჩერებს ამ ზრდას.

ჩვენი ძირითადი მიმართულებები არის ე.წ. აუთსორსინგი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოდან ემსახურებიან დიდ კომპანიებს უცხოეთში, ძირითადად დასავლურ ბაზრებზე და თუ იქ მოთხოვნა იზრდება მსგავს სერვისებზე, შესაბამისად ეს აისახება ჩვენთანაც. ეს ყველაფერი რატომაც დაჩქარდა, კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა დაიწყეს კომპანიებმა და სწორედ მისი მომსახურების მიწოდება ხდება საქართველოდან.

რაც შეეხება იმას, რომ რა პოტენციალი გაგვაჩნია უახლოეს შემდეგ წლებში, ეს კიდევ შეიძლება უფრო მზარდი იყოს, თუმცა აქ საჭიროა, რომ ქვეყანამ გადახედოს თავის სტრატეგიას, თავის პოლიტიკას ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ერთის მხრივ არის შესაძლებლობა და მეორეს მხრივ გამოწვევა. გამოწვევა იმ კუთხით, რომ თუ დღეს რაღაც საქმის კეთებისთვის და მომსახურების მიწოდებისთვის მაგალითისთვის ათი ადამიანია საჭირო, ხვალ შეიძლება ერთმა ადამიანმა გააკეთოს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იგივე მომსახურება. სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თვითონ მოცულობით მზარდი იქნება IT მომსახურების მიწოდება, თუმცა შეიძლება რაოდენობრივად ხვალ სექტორში ნაკლები ადამიანი იყოს ჩართული. სწორედ ამიტომ სწორი პოლიტიკაა მნიშვნელოვანი, რომ ადამიანების რეკვალიფიკაცია, გადამზადება მოხდეს და უკვე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ვიყოთ ჩვენ ბაზარზე მომსახურების მიმწოდებლები“, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები