მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განაპირობებს ჯანდაცვის სექტორში ინფლაციას - ასოციაციის შეფასება

კლინიკები

ჯანდაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ სექტორში ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული.

საქმე ისაა, რომ საქსტატის თანახმად, იანვარში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში შემავალი პროდუქცია და მომსახურება წლიურად 8.3 პროცენტით იყო გაძვირებული. მათ შორის, საავადმყოფოების მომსახურება 25%-ით გაძვირდა.

როგორც BMG-სთან საკითხის შეფასებისას ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაია მახარაშვილმა განაცხადა, სექტორში ინფლაციაზე გავლენა აქვს როგორც მედპერსონალისთვის ხელფასების ზრდას, ასევე სხვადასხვა სახარჯი მასალის გაძვირებას.

მაია მახარაშვილი აცხადებს, რომ საუბარია ისეთი სამედიცინო მომსახურების და მანიპულაციების გაძვირებაზე, რაც სახელმწიფოს მიერ DRG სისტემის ფარგლებში დადგენილ განფასებაში არ შედის.

“ძალიან ბევრი მდგენელისგან შედგება, როგორც წესი, [ჯანდაცვის სექტორში] ფასი. ამიტომ, მხოლოდ ერთ მიზეზზე ვერ ვისაუბრებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის ხელფასების ზრდის ტენდენცია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სექტორში საკმაოდ ბევრი დეფიციტური პოზიცია არსებობს, განსაკუთრებით საშუალო მედპერსონალის ნაწილში. შესაბამისად, პრაქტიკა არსებობს, რომ ხდება გადინება ერთი კონკრეტული კლინიკიდან მეორეში. შესაბამისად, უწევს კლინიკის მმართველობით რგოლს, რომ ხელფასები გაზარდოს. იმ სპეციალობებზე ვსაუბრობ, რომელიც ისედაც დეფიციტურია.

მეორე მდგენელი - ეს არის თვითონ სახარჯი მასალა, მათ შორის მედიკამენტი. ვერ ვიტყოდი ცალსახად, რომ კონკრეტულად ამ ბოლო ხანებში შეიძლება რაღაც მაინცდამაინც განსაკუთრებულად გაძვირდა, თუმცა ზოგადად ტენდენცია არის გაძვირების. ეს არ ეხება ხოლმე, როგორც წესი სტაციონარული მედიკამენტების ფასებს, რადგან საცალო გაყიდვებში ხდება იქ ხელშეკრულებების ფასებზე შეთანხმება, მაგრამ ტენდენცია აქაც არის, რა თქმა უნდა. ამას ემატება მაღალი ტექნოლოგიები, რომელიც იმდენად სწრაფად იზრდება მსოფლიოში რომ ამ სიახლეებს მეტ-ნაკლებად ფეხი თუ არ აუწყო სექტორმა, თავისთავად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. ყველაფერი ეს ისევ შესყიდვის ფასებს უკავშირდება და თავისთავად, ესეც გავლენას იქონიებს სამედიცინო სერვისების ფასებზე.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, ვერანაირი ფასის ზრდა ვერ იქნება იმ მომსახურებაზე, რაც რეგულირდება DRG-ის პროგრამით. რაც მის გარეთ რჩება რეალურად ისეთ [სამედიცინო მანიპულაციებზეა] საუბარი და ასეთ მომსახურებებს შორის არის მაგალითად პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგიური მომსახურება, ბარიატრიული ოპერაციები და მთელი რიგი მომსახურებები, რომელთა დანერგვასაც საკმაოდ აქტიურად ვცდილობთ ჩვენი სექტორიც, რომ სამედიცინო ტურიზმიც განვავითაროთ”, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები