ენერგეტიკოსი გია არაბიძე ლარის გაუფასურების დღეს არსებული ნიშნულის შემთხვევაში ენერგოკომპანიების მიერ ტარიფის გადახედვაზე მოთხოვნას არ გამორიცხავს.
როგორც მან BM.GE–სთან საუბრისას განაცხადა, ეს ფაქტორი განსაკუთრებით იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მზარდია.
"აქ ორი პრობლემაა. ვინაიდან ენერგოკომპანიებისა და სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშსწორება მოსახლეობასთან ხდება ლარში, ხოლო ენერგიას ვყიდულობთ და შემოგვაქვს დოლარში, ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის, რადგან დღევანდელი დოლარის კურსი საკმაოდ პრობლემატურად მიმაჩნია.
ჩვენი ბიუჯეტი დაგეგმილია გაცვლით კურსზე დოლართან მიმართებით 2.70–ზე. დაახლოებით 2.8–ის ფარგლებში ეს ყველაფერი შეიძლება ასატანი იყოს, მაგრამ თუ ეს სიტუაცია ასე გაგრძელდა და ლარმა ასეთი დევალვაცია განიცადა, თან თითქმის შუა ტურისტულ სეზონში, სერიოზული პრობლემა შეიქმნება და ენერგოკომპანიები ამის შესახებ სერიოზულ განაცხადებს გააკეთებენ და ბუნებრივიც იქნება, რადგან ყიდის ლარში, ყიდულობს დოლარში", – განაცხადა გია არაბიძემ და დასძინა, რომ იგი არ გამორიცხავს, ენერგოკომპანიებმა სემეკს ტარიფის გადახედვისთვის მიმართონ.
ცნობისთვის: თბოსადგურები იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მუშაობენ, ელექტროენერგიის იმპორტი კი გასულ წელთან შედარებით იზრდება. "საქსტატის" მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ჯამურად, 27 მლნ 115.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია შეიძინა.
აღნიშნული მაჩვენებელი (30 მლნ 393.8 აშშ დოლარი) 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 10.8%-ით ჩამოუვარდება.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 614.101 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (585.959 მლნ კვტ.სთ) 4.8%-ით მეტია.
2019 წლის პირველ ხუთ თვეში იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა. კერძოდ, იანვარ-მაისში რუსეთიდან 74.431 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც 2018 წლის 5 თვის მაჩვენებელზე (31.177 მლნ კვტ.სთ) 138.7%.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ ქვეყნიდან 2019 წლის იანვარ-მაისში 539.67 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა. ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (510.459 მლნ კვტ.სთ) 5.7%-ით მეტია.

























