ეროვნული ბანკის მიმოხილვა - საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე
2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ავია მიმოსვლებზე ემბარგო დააწესა და ტურისტულ კომპანიებს ურჩია, არ გაყიდონ ტურ-პაკეტები საქართველოს მიმართულებაზე. გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ასევე, გაიზარდა რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტის რისკები. რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, ამგვარად მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ თუ რა ზეგავლენა ექნება აღნიშნულ სანქციას საქართველოს ეკონომიკაზე და როგორი იქნება მაკროეკონომიკური პროგნოზები და მონეტარული პოლიტიკა ამ გავლენის გათვალისწინებით.
რუსეთიდან მიღებული შემოსავლების წყაროებია: ტურიზმი, საქონლის ექსპორტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები. ამ ოთხი წყაროდან რუსეთზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დამოკიდებულება სწორედ ტურიზმის სექტორშია. 2018 წლის მონაცემების მიხედვით, რუსი ტურისტებიდან მიღებული შემოსავლების წილი მთლიან შემოსავლებში დაახლოებით 26%-ია (იხ. დიაგრამა 2.13). 2019 წლის პირველ ნახევარში მაღალი ტემპით იზრდებოდა რუსეთიდან შემოსული მოგზაურების რიცხოვნობა. კერძოდ, ამ პერიოდში რუსეთიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები დაახლოებით ,29%-ით გაიზარდა და მთლიანი შემოსავლების 30% შეადგინა. რუსეთზე შედარებით მაღალი დამოკიდებულებაა ფულადი გზავნილების მხრივაც. 2018 წელს რუსეთიდან ჩარიცხული ფულადი სახსრების წილმა მთლიან გზავნილებში 29% შეადგინა. თუმცა, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად მცირდება რუსეთის და იზრდება სხვა ქვეყნების წილი ფულადი გზავნილების მოცულობაში. რაც შეეხება საქონლის ექსპორტს, 2018 წელს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების 13% რუსეთზე მოდიოდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ კი, რუსეთზე დამოკიდებულება უმნიშვნელოა.
მონეტარული პოლიტიკის თითოეული ანგარიშის მაკროეკონომიკური პროგნოზირების თავში, როგორც წესი, განხილულია ორი სცენარი - საბაზო და ალტერნატიული - რომლებიც საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით განსხვავებულ დაშვებებს აკეთებენ. განსხვავებული დაშვებების პირობებში განსხვავებული იქნება მაკროეკონომიკური ცვლადების პროგნოზი, მათ შორის ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის. მიმდინარე ანგარიშში კი აქცენტი საგარეო სექტორის, კერძოდ კი რუსეთთან დაკავშირებულ, დაშვებებზეა გადატანილი.
საბაზო სცენარი
მაკროეკონომიკური პროგნოზების საბაზო სცენარი ითვალისწინებს რუსეთის ავია მიმოსვლებზე დაწესებული ემბარგოს ზომიერ გავლენას. რუსი ტურისტების დაახლოებით, 30% საჰაერო გზით შემოდის, რომელთა წილი რუსეთიდან მიღებულ ტურისტულ შემოსავლებში საშუალოდ 40%-ია. საბაზო სცენარის დაშვებით, 2019 წლის მეორე ნახევარში ავია მიმოსვლით შემოსული რუსი მოგზაურების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების მცირე წილი საჰაერო გზით (სომხეთის გავლით) მაინც შემოდის. ასევე, საბაზო სცენარის მიხედვით, სახმელეთო გზით შემოსული ტურისტების რაოდენობა ზომიერად კვლავ გაიზრდება (2018 წლის საშუალო ზრდის შესაბამისად). ამ დაშვებებით, ტურიზმიდან შემოსავლების პოტენციური დანაკლისი 2019 წლის მეორე ნახევარში დაახლოებით, 300 მლნ აშშ დოლარია (იხ. დიაგრამა 2.14).
ალტერნატიული სცენარი
იქედან გამომდინარე, რომ მაღალია გაურკვევლობა რუსეთის სანქციის გავლენის ზომასთან დაკავშირებით, მაკროეკონომიკური პროგნოზების ალტერნატიული სცენარი საგარეო შოკის უფრო მწვავე შემთხვევას განიხილავს. აღნიშნული სცენარის მიხედვით, მნიშვნელოვნად შემცირდება რუსეთიდან სახმელეთო გზით შემოსული მოგზაურების ზრდის ტემპიც. ამ დაშვებით, ჯამურად საჰაერო და სახმელეთო გზით შემოსული ტურისტების კლება დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის დანაკლისს გამოიწვევს (იხ. დიაგრამა 2.14). ასევე, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან გეოპოლიტიკური დაძაბულობა უფრო მეტად გამძაფრდება, რუსეთში გასატანი საქონლის ექსპორტიდან მისაღები შემოსავლებიც მნიშვნელოვნად შემცირდება. განსკუთრებით მაღალია რისკები ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით. ალტერნატიული სცენარის მიხედვით, ექსპორტის შემცირება 2019 წლის მეორე ნახევარში დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარის დანაკლისს განაპირობებს, საიდანაც ძირითადი წილი ღვინის ექსპორტზე მოდის. ამასთანავე, გეოპოლიტიკური დაძაბულობა ზრდის ქვეყნის რისკ პრემიასაც, რაც ინვესტიციების ზრდის ტემპზეც აისახება.
წინამდებარე შეფასებებზე დაყრდნობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პროგნოზების საბაზო სცენარი ითვალისწინებს რუსეთის სანქციის შედეგად 300 მლნ აშშ დოლარის დანაკლისს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2%-ია; ხოლო მაკროეკონომიკური პროგნოზების ალტერნატიული სცენარი უფრო ძლიერ ზეგავლენას - 500 მლნ აშშ დოლარის დანაკლისს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3.5%-ია. მიუხედავად ამისა, საბოლოო გავლენა მშპ-ზე ნაკლები იქნება ორი მთავარი მიზეზის გამო.
პირველ რიგში, შემოსავლების გარკვეული წილი იმპორტირებულ საქონელზე იხარჯება. აქედან გამომდინარე, რუსეთის სანქციების ეკონომიკაზე გავლენის შეფასებისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ იმპორტის შემცირების ზომაც. ერთ-ერთი მიდგომაა გავზომოთ იმპორტის წილი (რეექსპორტისა და ადგილობრივად გამოყენებული იმპორტული საქონლის იმ წილის გამორიცხვით, რომლისგან წარმოებული პროდუქტიც ექსპორტზე გადის) მთლიან შიდა პროდუქტში. მთლიანი იმპორტის მოცულობის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც იმპორტის გარკვეული მოცულობა საქართველოში არ რჩება, არამედ ექსპორტზე გადის. მაგალითად, არსებობს ქვეყნები რომელთა იმპორტი მშპ-ს აღემატება, რადგანაც დიდი არის მათი ჩართულობა გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში (Global Value Chains). შესაბამისად, იმპორტის მთლიანი მოცულობის გამოყენება გადაჭარბებულად აფასებს იმპორტზე დამოკიდებულებას. ამგვარად, მიზანშეწონილია იმპორტის მოცულობიდან გამოვრიცხოთ რეექსპორტი და ასევე წარმოებისთვის გამოყენებული იმ იმპორტული საქონლის მოცულობა, რომელიც საექსპორტო საქონლის წარმოებისთვის გამოიყენება. აღნიშნული მიდგომით, საქართველოს ეროვნული ბანკის გაანგარიშებით, მიღებული შემოსავლების დაახლოებით 35-40% იმპორტის სახით გაედინება. ესაა ის ნაწილი, რაც საგარეო შოკის ზემოთ განხილული მოცულობის ნაწილობრივ აღმოფხვრას პირდაპირ დაეხმარება.
მეორე მხრივ, იმპორტის შემცირება მოსალოდნელია კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურების გავლენითაც (არაპირდაპირი ეფექტი). როგორც უკვე აღინიშნა, რუსეთის სანქციის შედეგად შემცირდება რუსეთიდან მიღებული შემოსავლები, რაც უარყოფითად აისახება მიმდინარე ანგარიშის ბალანსთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაღრმავება აუფასურებს ეფექტურ გაცვლით კურსს. ფინანსური ბაზრის ამ ინფორმაციაზე დაფუძნებული რეაგირება კი გაცვლით კურსზე დღესვე აისახება. კურსის გაუფასურება აძვირებს იმპორტს და აუმჯობესებს ქართული პროდუქტის და მომსახურების კონკურენტუნარიანობას. შესაბამისად, გაცვლითი კურსის არხით შემცირდება იმპორტის მოცულობა რაც გარკვეულწილად ასევე გაანეიტრალებს რუსეთის სანქციების ეფექტს მთლიან შიდა პროდუქტზე.

























