უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, ნატო ბოჭორიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა იმაზე, თუ რა გავლენა აქვს უძრავი ქონების ბაზარზე საარჩევნო პერიოდს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი, ამჟამად ნეიტრალურ სიტუაციაშია, რაც ძირითადად არჩევნების მოახლოებას უკავშირდება.
მისი თქმით, საარჩევნო პერიოდის დროს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე ძირითადად შესუსტებულია, რადგან მოქალაქეები ერიდებიან დიდი ინვესტიციების განხორციელებას.
„ყველა ქვეყანაში, როცა არჩევნები მიმდინარეობს, ბაზარი მოლოდინის რეჟიმია. ამის მიზეზი ის არის, რომ ქვეყანა პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა ის დეველოპერები, რომლებსაც მოქნილი გადახდის სისტემა აქვთ, მათთვის ეს ნაკლებად აისახება მათზე, რადგან მცირე ინვესტიციებით საზოგადოება მაინც ცდილობს, რომ შეიძინოს უძრავი ქონება,“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კომერციული უძრავი ქონების ბაზარი, განსაკუთრებით საოფისე ფართების მიმართულებით, ბოლო ორი აქტიური წლის შემდეგ, ახლა შესუსტებულია. ბიზნესები ოფისების შეცვლის ან ახალი იჯარების გაფორმებისგან თავს იკავებენ.
„ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ გვაქვს, თუმცა ეს არ არის ისეთი დრამატული შემცირება და ამით არ გამოიხატება, რომ დიდი რაოდენობით ფართებია ვაკანტური. ეს არის სტაბილური და ვფიქრობ, სტანდარტული სიტუაცია“,– დაამატა მან.
ნატო ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ საახალწლოდ ბაზარი გააქტიურდება, რაც დადებითი მოლოდინების საფუძველს ქმნის. „მოგეხსენებათ, რომ ახალი წელი განსაკუთრებული პერიოდია, შესაბამისად, საახალწლო პერიოდში, თითქმის ყველა მიმართულებით ბაზარი აქტიურდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, რომ სიტუაცია საახალწლოდ გამოსწორდება და საზოგადოება ჩვეულ აქტიურ რეჟიმს დაუბრუნდება “, – განაცხადა მან.