მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გავლენა ექნება "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთის" შესყიდვას ბაზარზე - მარინა გულედანის შეფასება

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტს, მარინა გულედანს მოლოდინი აქვს, რომ ეროვნული ბანკი „ბაზისბანკის“ მიერ "ლიბერთის" შესყიდვის ტრანზაქციაზე თანხმობას გასცემს.

როგორც „საქმის კურსის“ ეთერში გულედანმა განმარტა, ამ გარიგების შედეგად სექტორში კონცენტრაცია იზრდება, თუმცა ეს არაა ისეთი მაჩვენებელი, რომ მარეგულირებელმა გარიგება შეზღუდოს.

რაც შეეხება ტრანზაქციის გავლენას კონკურენციაზე, გულედანი ამბობს, რომ ბაზარზე მესამე მსხვილი ბანკის გაჩენა საბანკო სექტორში კონკურენციას გაზრდის და მას საშუალება ექნება, გარკვეულ სეგმენტებში უკეთ პოზიციონირდეს. თუმცა მისი თქმით, მოლოდინი არაა, რომ 10%-იანი წილით გამსხვილებული ბანკი ბაზრის ორ უდიდეს მოთამაშეს, „თიბისის“ და „საქართველოს ბანკს“ კონკურენციას გაუწევს.

„პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ტრანზაქცია ახალი დაწყებული არაა, დიდი ხანია ამაზე საუბარი მიმდინარეობს და ჩემთვის გასაკვირი არ არის და საკმაოდ ლოგიკურია, რომ „ბაზისბანკს“ სურვილი აქვს, თავისი პოზიცია ბაზარზე გაიღრმაოს. ამიტომ ეროვნულ ბანკში განხილვის დაწყება ამ პროცესის ფორმალური, ბოლო შტრიხია, რომელიც დაასრულებს ტრანზაქციას.

კონცენტრაციის კონტექსტში რომ შევხედოთ ამ ტრანზაქციას, უკვე ისეთი სიტუაციაა ჩვენს ბაზარზე, ძალიან გაცხადებული დუოპოლია არსებობს TBC-ის და საქართველოს ბანკის, რომ ის პარამეტრები, რომლებიც მოწმდება კონკურენციის კონტექსტში, შეიცვლება, მაგრამ ისე დრამატულად არა, რომ ამ მიზეზით რაიმე შეფერხება მოჰყვეს და არ დაადასტუროს ეროვნულმა ბანკმა ეს ტრანზაქცია. კონცენტრაციის კონტექსტში ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს ბანკს" და "თიბისის" აქტივების ზომით უკვე უჭირავთ ბაზრის წილის დაახლოებით 77%. ეს 10%, რომელიც კომბინირებულად ექნებათ გაერთიანების შედეგად „ბაზისბანკს“ და „ლიბერთის“, არ არის ის მაჩვენებელი, რის გამოც, მიზანშეწონილი იქნება მარეგულირებლის გადასახედიდან ამ ტრანზაქციის შეზღუდვა.

მე ვთვლი, რომ [ამ ტრანზაქციით] კონკურენციის მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა მნიშვნელოვნად არა. იმიტომ, რომ ისევ და ისევ ამ გაერთიანებული ბანკის წილი ბაზარზე არ იქნება მაღალი, უბრალოდ თუ ცალკეულ პარამეტრებს ავიღებთ და რა უპირატესობებს მოიპოვებს ეს გაერთიანებული ბანკი იმ დარჩენილ ორ ბანკთან მიმართებაში, იმ ნაწილში და იმ კონტექსტში შეიძლება ველოდეთ უფრო მეტ ძალისხმევას მენეჯმენტის, რომ დაფოკუსირდეს და დაწინაურდეს კონკრეტულ ასპექტებში. მოცულობით ამ ორ ბანკს ჯერჯერობით ვერ გაუწევს კონკურენციას, თუმცა მომავალში რა მოხდება და კიდევ რა გამსხვილება შეიძლება შედგეს, ეს არ ვიცით. მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ კონკურენციაზე მეტად საკმაოდ გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ აქციების შეძენას“, - განაცხადა მარიანა გულედანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ ბანკს 25-დღიანი ვადა აქვს, რათა შეისწავლოს, თუ რა გავლენა ექნება კონკურენტულ ბაზარზე “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შესყიდვას.

ამასთან, “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შესყიდვის შემთხვევაში საქართველოს საბანკო სექტორში ჩამოყალიბდება ბანკი, რომლის ჯამური აქტივების მოცულობა მთლიანი სისტემის 10% იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები