კრემლის გადაწყვეტილებებს საქართველოს მიმართულებით ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოს მშპ-ზე დაახლოებით 1,5%-იანი ნეგატიური გავლენა ექნება,- ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი შაგიძემ გადაცემა “ფორბს კვირაში” განაცხადა.
მისი თქმით, წელს საქართველოს ეკონომიკა უნდა გაზრდილიყო დაახლოებით 5%-ით და იზრდებოდა კიდეც. თუმცა, თუ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს არ ექნება დროებითი ხასიათი და მუდმივად გაგრძელდება, ამას საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა აუცილებლად ექნება.
გიორგი შაგიძე ამბობს, რომ ამ გავლენის განეიტრალებაც არის შესაძლებელი.
“ეს შესაძლებელია ორი მარტივი გადაწყვეტილებით, ფისკალური სტიმულის გააქტიურებით, რაზეც, დარწმუნებული ვარ, მთავრობა უკვე ფიქრობს და მეორე არის, გააქტიურება იპოთეკური და ბიზნეს სესხების მიმართულებით. შედეგად, ამ ნეგატიური ეფექტის შემცირება არის შესაძლებელი 1 პროცენტამდე. შესაბამისად, ჩვენ მაინც შეგვიძლია გავიზარდოთ 4%-ით”,- აცხადებს გიორგი შაგიძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის ჩაშლისა და რუსი დეპუტატების მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება: გააჩეროს ფრენები საქართველოს მიმართულებით. გადაწყვეტილება ძალაში 8 ივლისიდან შევა. კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, შეაჩერონ აღნიშნული პერიოდიდან საქართველოში მომსახურების გაწევა.

























