2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევა საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები (მუხლი 101), რომლის შედეგადაც, იმ პირებისთვის, რომელთათვისაც დამსაქმებელი პირად ავტომობილს ქირაობს, სამსახურებრივი ავტომობილის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასის ნაწილად ჩაითვლება და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება. თუმცა, რადგან ეს სარგებელი ხელფასის ნაწილად ჩაითვლება, ის პირის მიერ წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული თანხის მთლიან მოცულობას გაზრდის. ამის გამო, კანონში არის ჩადებული პუნქტი, რომ ის მოქალაქეთა ქონების გადასახადის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, დამქირავებლის ავტომობილის მოხმარებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა, რის გამოც ის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება. თუმცა, სახელმწიფო არ გაზომავს იმას, თუ რეალურად რა სარგებელს იღებენ ადამიანები, ვინც სამსახურებრივ ავტომობილებს იყენებენ, ამის ნაცვლად ამ ავტომობილების მოხმარება ფიქსირებული თანხით დაიბეგრება. აღნიშნული თანხა კი, ავტომობილის ძრავის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.
1) 3500 სანტიმეტრ კუბზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 300 ლარი;
2) 2500 - 3500 სანტიმეტრ კუბის მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 200 ლარი;
3) 2500 სანტიმეტრ კუბზე ნაკლები მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 100 ლარი;
ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში, ნებისმიერი ძრავის მოცულობა - თვეში 60 ლარი.
კანონში გამონაკლისის სახით ჩაიწერა, რომ დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ელექტრომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.
დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსათვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება დამქირავებელს ეკისრება.
სამსახურებრივი ავტომობილების რაოდენობის შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა არ არსებობს, რის გამოც წინასწარ უცნობია თუ რა მოცულობის თანხის გადახდა მოუწევთ კომპანიებს ამ ახალი ვალდებულების გამო.

























