საქართველოში კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე კოვიდ-19-ის გავლენაზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით გამოიკვეთა, რომ გამოკითხული კომპანიების უმრავლესობას უკვე აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული პრიორიტეტები კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით.
მათ არჩეული აქვთ კონკრეტული მიმართულებები, რომლებზეც სისტემურად მუშაობენ. ამის შესახებ გადაცემა“ საქმიანი დილის“ ეთერში „ინოვას“ დირექტორმა მაია შიშნიაშვილმა განმარტა.
ცნობისთვის, კვლევა კომპანია "ინოვამ" გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დაკვეთითა და USAID-ის აქსესის პროექტის მხარდაჭერით ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესის წარმომადგენლები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები გამოიკითხნენ.
როგორც მაია შიშნიაშვილი განმარტავს, გამოიკვეთა რომ 2020 წელს ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებები განათლება და გარემოს დაცვა იყო.
ასევე, მნიშვნელოვან მიმართულებად „ინოვას“ დირექტორი ასახელებს ტენდენციას, რომ კომპანიების დიდმა ნაწილმა ონლაინ სერვისებზე გადასვლა შეძლო.
„ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის დასაწყისიდანვე მთავრობამ ისინი სხვადასხვა პროცესებში ჩართო, კონსულტაციების სახით. კომპანიები თანამშრომლობდნენ ერთმანეთთანაც და არასამთავრობო სექტორთანაც“ - აღნიშნა "ინოვას" დირექტორმა.