მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა იქონია პანდემიამ Pandora-ზე?

5fa96feed20ff
თათია კაკიაშვილი
09.11.20 23:00
661
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში უმსხვილესი საიუველირო კომპანია Pandora, ათასობით მაღაზიის მუდმივად დახურვას არ აპირებს. უფრო მეტიც, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრ ლაციკის განცხადებით, Pandora-ში დასაქმებულები ხელფასს, ყოველგვარი დაქვითვის ან შემცირების გარეშე, სრულად მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Business ავრცელებს.

ალექსანდრ ლაციკი ამბობს, რომ კომპანია მაღაზიების დახურვის საკითხს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ გაყიდვებში დიდი ვარდნა ექნება, თუმცა მისივე თქმით, Pandora ამ დაბრკოლებას, დიდი ალბათობით, გაუძლებს.

CNN-ის ცნობით, პანდემიის პიკის დროს, Pandora-ს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ოპერირებადი 2700 მაღაზიიდან 80% დაიხურა. ამის მიუხედავად, ცვლილება კომპანიის თანამშრომლების ხელფასზე არ ასახულა, მათ შორის, ხელფასი სრულად მიიღო იმ 28,000-მა თანამშრომელმა, რომლებსაც მუშაობა არ შეეძლოთ, რადგან მაღაზიები, არსებული რეგულაციების გამო, დახურული იყო.

ლაციკი ამ გადაწყვეტილებით ძალიან ამაყობს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ეს ბიზნესისთვის ”ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა”, თანამშრომლებისთვის ”ეთიკური საქმეა” და პერსონალის ერთგულება სწორედ ასე ჯილდოვდება.

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ახლა კორონავირუსის მეორე ტალღას უმკლავდება, Pandora-ს აღმასრულებელი დირექტორი პროგნოზირებს, რომ მაღაზიების 18% დროებით დაიხურება. ეს კი, ცხადია, წინასაახალწლოდ გაყიდვებს შეამცირებს.

Pandora-შიც, ისევე, როგორც ბევრ სხვა კომპანიაში, ახლა დატვირთვა ონლაინ გაყიდვებზე იზრდება - ბოლო სამ თვეში ეს მაჩვენებელი 89%-ით გაიზარდა და კომპანიის სრული გაყიდვების, ანუ 648 მილიონი დოლარის, 21% შეადგინა.

ამ ზრდის მიუხედავად, Pandora-ს მაღაზიებიდან საცალო ვაჭრობა კვლავ ინარჩუნებს ინდუსტრიის მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან მომხმარებლისთვის პროდუქციის შეძენა პრიორიტეტულად ისევ ფიზიკურად, მაღაზიებიდან რჩება.

საგულისხმოა ისიც, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ, კომპანიამ დიდი ინვესტიცია ჩადო პროდუქციის განახლებაში, რათა მომხმარებლისთვის უფრო ფართო ასორტიმენტი შეეთავაზებინა.

ცნობისთვის, Pandora საშუალოდ წამში სამ სამკაულს ყიდის. ბრენდი ყველაზე ცნობილია თავისი მომხიბლავი სამაჯურებით, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ სხვადასხვა სიმბოლო, თავიანთი პერსონის შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები