სავაჭრო ცენტრი „საბას“ მოვაჭრეები აცხადებენ, რომ საბანკო რეგულაციების მეორე ტალღის ამოქმედების შემდეგ, გაყიდვების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
ნაწილი მაღაზიების დახურვასაც არ გამორიცხავს:
მოვაჭრე 1- “ძალიან გვეხმარებოდა საბანკო პროდუქტები, ათი კაციდან შეიძლება ათივეს განვადება გაეკეთებინა, დღეს კი კვირა გადის და არავინ არაფერს ყიდულობს, მნიშვნელოვნად დავზარალდით და ვფიქრობთ, რომ დავცალოთ მაღაზიები.“
მოვაჭრე 2 - „100%-დან 60%-ზე მეტი შემცირებულია. გადავხედე წინა წლების ბრუნვებს და რომ მქონდა 30 ერთეული გაყიდული, ახლა 4 ერთეული მაქვს გაყიდული. სადმე კლიენტს ხედავთ? არავინ არ შემოდის.“
მოვაჭრე 3 - „შარშან დეკემბერში განვადებების წილი თუ იყო 70%, წელს დეკემბერში იყო 15%, იანვრიდან საერთოდ საოცრება ხდება. განვადებას თითქმის არავის არ უმტკიცებენ. იმედია, რამე შეიცვლება, თორემ ფაქტია, შემოსავლები მცირდება და გადასახადები იზრდება“
"საბაში" ფიქრობენ, რომ რეგულაციების ზემოქმედება დროთა განმავლობაში მათთვის კიდევ უფრო მტკივნეული იქნება და შესაბამის ორგანოებს კანონის შერბილებისკენ მოუწოდებენ.
„ისეთ ხალხსაც არ უმტკცებენ განვადებას, ვისაც კარგი ისტორია აქვს. მთელი მასა თითქმის განვადებას ითხოვდა და ვეღარ ვაკეთებთ, შესაბამისად, არაფერი აღარ გვეყიდება. ბიზნესისთვის ეს ძალიან ხელისშემშლელი ფაქტორია. იქნებ რაიმე შეიცვალოს ისე, რომ არავინ დაზიანდეს და ჩვენც მოგვეცეს მუშაობის საშუალება. იმედია, ამის ანალიზი მოხდება და გამოსწორდება მდგომარეობა“ - ამბობს კიდევ ერთი მოვაჭრე თინათინ ჩხეიძე.
რეგულაციების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად დააზარალა ტექნიკის მაღაზიებიც. ნაწილმა ფილიალების შემცირება და თანამშრომელთა გაშვება უკვე დაიწყო, ნაწილი კი გადარჩენის გზების ძიებაშია.
„გრანდ ელექტრონიქსში“ ამბობენ, რომ იანვრიდან გაყიდვების მაჩვენებლები თითქმის განახევრდა, არსებული ბაზარი კი განვითარების შესაძლებლობას აღარ იძლევა.
„ჩვენს ბიზნესზე უარყოფითი გავლენა პირველი ტალღის ამოქმედებისთანავე იგრძნობოდა, განსაკუთრებით მძიმე კი ეს რეგულაცია მიმდინარე წლიდან აღმოჩნდა. ცალსახად შემიძლია დავადასტურო, რომ გაყიდვები 30-40%-ით შემცირდა. ტექნიკის 80%-ზე მეტი იყიდებოდა განვადებით, დღეს კი შევსებული განაცხადების ნახევარზე მეტი არ მტკიცდება. ეს ყველაფერი გაყიდვებზე და ინდუსტრიის ზრდაზე რათქმაუნდა ნეგატიურ გავლენას ახდენს.
ბაზრის განვითარების საშუალება დღევანდელი მოცემულობით აღარ ჩანს. ამის მაგალითია ისიც, რომ არაერთმა ტექნიკის მაღაზიამ ფილიალების რაოდენობა შეამცირა. ამ ეტაზპე ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ გუნდიც და მაღაზიებიც, თუმცა, სამომავლო მდგომარეობა დამოკიდებული იქნება ტენდენციაზე“ - განაცხადა „გრანდ ელექტრონიქსის“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი ჭედიამ.
კლიენტების განახევრებაზე საუბრობს კიდევ ერთი ბელოსურული ტექნიკის მაღაზიის მენეჯერიც.
„განვადებები გაყიდვებში მნიშვნელოვნად გვეხმარებოდა, 100%-დან 40% მაინც განვადება იყოს, ახლა თვეში ერთი ადამიანიც აღარ მოდის იმიტომ რომ აღარ უმტკიცებენ“ - განაცხადა „ჯორჯიაველის“ მენეჯერმა მარტა გალოიანმა.

























