აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი რისკი აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფებია. ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ ADB-ის ეკონომისტმა, ჯულს ჰიუგომ განაცხადა.
როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია მიიჩნევს, თუ აშშ-ის მიერ 180 ქვეყნისთვის დაწესებული საიმპორტო ტარიფები სრულად შევა ძალაში, ამას შესაძლოა, ლარის კურსსა და ინვესტიციებზე ნეგატიური გავლენა ჰქონდეს. საქართველოსთვის საგარეო წყაროებიდან მომდინარე კიდევ ერთ რისკად ADB ჩინეთის ეკონომიკაში არსებულ ნეგატიურ ტენდენციებს ასახელებს.
„რაც შეეხება საგარეო წყაროებიდან მომდინარე რისკებს საქართველოს ეკონომიკისთვის, ერთ-ერთი მთავარი რისკი აშშ-ს ტარიფებია. თუ აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები მართლაც სრულად განხორციელდება, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ლარის გაუფასურება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემდგომი შემცირება. საქართველოს ეკონომიკისთვის კიდევ ერთი რისკი ჩინეთის უძრავი ქონების სექტორში არსებული შენელებაა, რამაც შეიძლება შეამციროს მოთხოვნა, განსაკუთრებით სპილენძზე, რომლის მსხვილი ექსპორტიორი საქართველოა”, - განაცხადა ADB-ის ეკონომისტმა, ჯულს ჰიუგომ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფი 5 აპრილიდან ამოქმედდა. ტრამპის ახალი ტარიფები საქართველოს გარდა, კიდევ 180-ზე მეტ ქვეყანას შეეხო.