საქართველოში მიმდინარე საპროტესტო პროცესების ფონზე, ბიზნესებისთვის კორპორაციული მდგრადობის მიზნების შესრულება პრიორიტეტული შეიძლება არ იყოს, რადგან ზოგიერთ სექტორში ეკონომიკური აქტივობები საერთოდ გაჩერებულია - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში, რუბრიკა " საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე" ფარგლებში, ნინო ენუქიძე, BTU-ს რექტორი და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრი საუბრობს.
"[ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე] მხოლოდ მდგრადობისკენ მიმავალ გზაზე არ ფერხდება ბიზნესი. მცირე და საშუალო ბიზნესი ყოველთვის უფრო მგრძნობიარეა პატარა ცვლილებების მიმართაც. ერთი ტენდენცია, რომელიც ყოველთვის იკვეთება, მომხმარებლის ქცევის ცვლილებაა, რაც ძალიან საყურადღებოა, რადგან საბოლოო ჯამში, ეს ეკონომიკაზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას. მომხმარებელი, როგორც წესი, ცვლის თავის მსყიდველობით ქცევებს: ყიდულობს მხოლოდ სწრაფი მოხმარების, სუპერმარკეტის და სააფთიაქო პროდუქტებს და სხვას არაფერს. შესაბამისად, სექტორები, რომლებიც სხვა სფეროში მუშაობენ, ზარალდებიან იმისგან, რომ ამ მიმართულებით ეკონომიკური აქტივობები აღარ არსებობს.
ამიტომ, ვესაუბროთ ბიზნესს მდგრადი განვითარების პრინციპებზე მაშინ, როცა მას, შესაძლოა, არსებობის საშუალება არ ჰქონდეს, არ ვიცი რამდენად დროულია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი კომპანია, რომელმაც თავის დროზე გაიაზრა და ხელი მოაწერა [ასოცირების] შეთანხმებას, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებისკენ სვლას ითვალისწინებს, ამას გააგრძელებს და ყველა გამოწვევას გადალახავს ისე, როგორც მას ეს წარმოუდგენია", - ამბობს ნინო ენუქიძე.
BTU-ს რექტორის აზრით, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასა და სამართლიანი, დემოკრატიული ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს, კერძო სექტორთან ერთად, სახელმწიფო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ასრულებენ.
"ის როლი, რომელსაც მცირე ბიზნესი ასრულებს მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად, გაანალიზებული უნდა იყოს არა მარტო ბიზნესის მიერ, არამედ სტეიკჰოლდერების და პარტნიორების მიერ. არა მხოლოდ სახელმწიფოს და ბიზნესს შორის ურთიერთობაა გასაძლიერებელი, არამედ სამოქალაქო საზოგადოებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები… ეს ხიდი თუ არ აღდგა ამ ინსტიტუციებს შორის, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ან რამე კონკრეტული გამოწვევის წინააღმდეგ გადადგას ბიზნესმა ნაბიჯები, ან გრძელვადიანად, დანერგოს და განავითაროს მდგრადი განვითარების ის პრინციპები, რომლებზეც ცნობიერება ძალიან დაბალია მსოფლიოში", - აღნიშნავს ნინო ენუქიძე.




























