მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე

5af1c55e8b6bb
ეროვნული ბანკი - მონეტარული პოლიტიკის ანგარიში
08.05.18 20:00
980
საქართველოში ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასებთან, თუმცა ისინი კიდევ უფრო კარგად კორელირებს ევროპაში ბენზინის ფასებთან. თუ შევადარებთ ბენზინის ფასებს (გადასახადების გარეშე) საქართველოსა და ევროპაში, ვნახავთ, რომ კორელაცია დაახლოებით 95%-ია .

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ფასების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი საერთაშორისო ნავთობის ფასებია, ბენზინის ფასებზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორებიც, როგორებიცაა ნავთობის გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და ადმინისტრაციული ხარჯები. ამასთან, ნავთობის ფასების ცვლილებას ბენზინის ფასებზე ასახვას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს. ამგვარად, საინტერესოა საერთაშორისო ნავთობის ფასების ბენზინის ფასებზე გადაცემის სიძლიერისა და სისწრაფის ემპირიული ანალიზი.

ევროპისთვის გაკეთებული კვლევების მიხედვით, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ცვლილება სრულად გადაეცემა ადგილობრივი ბენზინის ფასებს (გადასახადების გარეშე), თუმცა შედარებით გრძელვადიან პერიოდში. მაგალითად, საერთაშორისო ბაზარზე ერთი ლიტრი ნავთობის ფასის ერთი ცენტით ცვლილება, გრძელვადიან პერიოდში ასევე ერთი ცენტით ცვლის ერთი ლიტრი ადგილობრივი ბენზინის ფასს. თუმცა, მოკლევადიან პერიოდში (ერთი თვის მანძილზე) ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობისათვის ბენზინის ფასებს საერთაშორისო ნავთობის ფასის ცვლილების მხოლოდ ნახევარი გადაეცემა (Clerides,). აღნიშნული კვლევის მიხედვით ნავთობის ფასის ცვლილების პრაქტიკულად სრულად გადაცემას ევროპაში ბენზინის ფასებზე დაახლოებით 3 თვე სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ფასის ცვლილება შეიძლება ასიმეტრიულად გადაეცეს, როდესაც ზრდა უფრო მალე გადაეცემა, ხოლო კლება - უფრო ნელა. თუმცა, როგორც აღნიშნულ კვლევაშია ნაჩვენები, საშუალო ევროპული ქვეყნისთვის ასეთი ასიმეტრიულობა მნიშვნელოვანი არ არის. სხვა კვლევის მიხედვით, ნავთობის ფასის 10%-ით ზრდა მთლიანად ევროზონისთვის ენერგო პროდუქტების ჯგუფში (რომელშიც შედის თხევადი საწვავი, საწვავი და ზეთები პირადი მოხმარების ტრანსპორტისათვის) ფასების ზრდას 3.6%-ით იწვევს ( Castro et al. 201717). საქართველოსთვის გაკეთებული შეფასების მიხედვით (Clerides, 2010-ის მსგავსი მეთოდოლოგიით), ნავთობის საერთაშორისო ფასის ცვლილება გრძელვადიან პერიოდში საქართველოში ბენზინის ფასებს ერთი-ერთში გადაეცემა (გადასახადებისა და კურსის გავლენის გამორიცხვით). თუმცა, მოკლევადიან, ერთთვიან პერიოდში ერთი ლიტრი Brent Crude Oil-ის ფასის ერთი დოლარით ცვლილება საქართველოში ერთი ლიტრი ადგილობრივი ბენზინის ფასებს 0.35 დოლარით ცვლის. ამავე ეკონომეტრიკული შეფასების მიხედვით, გრძელვადიან წონასწორობას საბაზრო ფასები ყოველ თვეში 40%-იანი ცვლილებით უახლოვდება. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილების საქართველოს ბაზარზე პრაქტიკულად სრულად გადმოცემას 3-4 თვემდე სჭირდება. აღნიშნული ნიშნავს, რომ თუკი ერთი ბარელი ნავთობის ფასი შემცირდება $70-დან $63-მდე (10%-ით), მაშინ საქართველოში ბენზინის ფასი ერთ თვემდე პერიოდში შემცირდება 1.5 ცენტით (4 თეთრით), ხოლო 3-4 თვის შემდეგ - 4.4 ცენტით (11 თეთრით), რაც საქართველოში ბენზინის საცალო ფასის (გადასახადების ჩათვლით) დაახლოებით 5%-ია. ბენზინის ფასების აღნიშნული შემცირება ინფლაციის მაჩვენებელში -0.12 პპ-ის წვლილს შეიტანდა. როგორც აღვნიშნეთ, ამ გათვლებში გაცვლითი კურსის ფაქტორი გათვალისწინებული არ არის. დინამიკიდან გამომდინარე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ ნავთობის ფასების ზემოთ აღნიშნული გავლენა შესაძლოა გააძლიეროს ან შეასუსტოს. აღსანიშნავია, ასევე, რომ საქართველოსათვის ფასების გადაცემის ასიმეტრიულობა სტატისტიკურად უმნიშვნელო აღმოჩნდა. Brent Crude Oil ფასების როგორც ზრდა, ასევე შემცირება, სიმეტრიულად აისახება ადგილობრივი ბენზინის ფასებზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ სიმეტრიულობის უფრო თვალსაჩინოდ დასანახად საჭიროა უფრო მაღალი სიხშირის (მაგალითად, ყოველკვირეული) მონაცემთა ბაზა. მაგალითისთვის, შეგვიძლია შევაჯამოთ, თუ როგორ აისახება, სხვა თანაბარ პირობებში, ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდა 1 ლიტრზე 10 აშშ ცენტით (1 ბარელზე - 16 აშშ დოლარი) მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელზე საქართველოსა და ევროპაში . ზემოთ აღწერილ კვლევებზე დაყრდნობით, დავუშვით, რომ ერთთვიან პერიოდში საქართველოში ბენზინის ფასებს გადმოეცემა ნავთობის ფასის ცვლილების 35%, ევროპაში კი - ნახევარი; ხოლო გრძელვადიან პერიოდში (3 თვე) გადაცემა სრულია ორივე შემთხვევაში. ამასთანავე, საქართველოს სამომხმარებლო კალათაში ბენზინის წილი 2.4%-ია, ევროპისთვის კი საშუალოდ 2.8%- ია აღებული.

როგორც აღნიშნული ანალიზი გვიჩვენებს, საქართველოში ადგილობრივი ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასებთან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც საერთაშორისო ნავთობის ფასების ცვლილება სრულად გადმოეცემა ადგილობრივი საწვავის ფასებს, თუმცა, ამას დაახლოებით სამი თვე სჭირდება, ხოლო ერთ თვემდე პერიოდში აღნიშნული გადმოცემა ნახევარზე მცირეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები