ევროპისთვის ჩატარებული კვლევის თანახმად, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ნავთობის ფასის ცვლილება სრულად გადაეცემა ადგილობრივი ბენზინის ფასებს (გადასახადების გარეშე), მაგრამ შედარებით გრძელვადიან (3 - თვიან) პერიოდში. მაგალითად, საერთაშორისო ბაზარზე ერთი ლიტრი ნავთობის ფასის ერთი აშშ ცენტით ცვლილება, ასევე ერთი აშშ ცენტით ცვლის ერთი ლიტრი ადგილობრივი ბენზინის ფასს გრძელვადიან პერიოდში. თუმცა, მოკლევადიან პერიოდში (ერთი თვის განმავლობაში) ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობისათვის ბენზინის ფასებს საერთაშორისო ნავთობის ფასის ცვლილების მხოლოდ ნახევარი გადაეცემა (იხ. Clerides, 20102). ამ კვლევის მიხედვით, ნავთობის ფასის ცვლილების პრაქტიკულად სრულად გადაცემას ევროპაში ბენზინის ფასებზე დაახლოებით 3 თვე სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ფასის ცვლილების გადაცემა შეიძლება ასიმეტრიულიც იყოს - ზრდის გადაცემა უფრო სწრაფად მოხდეს, ვიდრე კლებისა. მაგრამ, როგორც აღნიშნულ კვლევაშია ნაჩვენები, საშუალო ევროპული ქვეყნისთვის ასეთი ასიმეტრიულობა მნიშვნელოვანი არ არის. სხვა კვლევის მიხედვით, ნავთობის ფასის 10% - ით ზრდა მთლიანად ევროზონისთვის ენერგო პროდუქტების კატეგორიაში (თხევადი საწვავი, საწვავი და ზეთები პირადი მოხმარების ტრანსპორტისათვის) ფასების 3.6% - ით ზრდას იწვევს (იხ. Castro et al. 20173).
საქართველოსთვის გაკეთებული შეფასების მიხედვით (Clerides, 2010 - ის მსგავსი მეთოდოლოგიით), ნავთობის საერთაშორისო ფასის ცვლილება გრძელვადიან პერიოდში საქართველოში ბენზინის ფასებს ერთი - ერთში გადაეცემა (გადასახადებისა და კურსის გავლენის გამორიცხვით). თუმცა, მოკლევადიან, ერთთვიან პერიოდში ერთი ლიტრი Brent Crude Oil - ის ფასის ერთი აშშ დოლარით ცვლილება4 საქართველოში ერთი ლიტრი ადგილობრივი ბენზინის ფასებს 0.35 აშშ დოლარით ცვლის. ამავე ეკონომეტრიკული შეფასების მიხედვით, საბაზრო ფასები გრძელვადიან წონასწორობას თვეში 40%-იანი ცვლილებით უახლოვდება. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილების საქართველოს ბაზარზე პრაქტიკულად სრულად გადმოცემას 3 - 4 თვემდე სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუკი ერთი ბარელი ნავთობის ფასი 70 აშშ დოლარიდან 63 აშშ დოლარამდე (10% - ით) შემცირდება, მაშინ საქართველოში ბენზინის ფასი ერთ თვემდე პერიოდში 1.5 აშშ ცენტით (4 თეთრით), ხოლო 3 - 4 თვის შემდეგ კი - 4.4 აშშ ცენტით (11 თეთრით) შემცირდება, რაც საქართველოში ბენზინის საცალო ფასის (გადასახადების ჩათვლით) დაახლოებით 5% - ია. ბენზინის ფასების აღნიშნული შემცირება ინფლაციის მაჩვენებელში -0.12 პროცენტული პუნქტის წვლილს შეიტანდა.
როგორც აღვნიშნეთ, ამ გათვლებში გაცვლითი კურსის ფაქტორი გათვალისწინებული არ არის. დინამიკიდან გამომდინარე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ ნავთობის ფასების ზემოთ აღნიშნული გავლენა შესაძლოა გააძლიეროს ან შეასუსტოს. აღსანიშნავია, ასევე, რომ ფასების გადაცემის ასიმეტრიულობა საქართველოსათვის სტატისტიკურად უმნიშვნელო აღმოჩნდა. Brent Crude Oil ფასის როგორც ზრდა, ასევე შემცირება, სიმეტრიულად აისახება ადგილობრივი ბენზინის ფასებზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ სიმეტრიულობის მეტი თვალსაჩინოებისათვის უფრო მაღალი სიხშირის (მაგალითად, ყოველკვირეული) მონაცემთა ბაზაა საჭირო.
მაგალითისთვის შეგვიძლია შევაჯამოთ, თუ როგორ აისახება, სხვა თანაბარ პირობებში, ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდა 1 ლიტრზე 10 აშშ ცენტით (1 ბარელზე - 16 აშშ დოლარი) მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელზე საქართველოსა და ევროპაში (იხ. ცხრილი #1). ზემოთ აღწერილ კვლევებზე დაყრდნობით, დავუშვით, რომ ერთთვიან პერიოდში საქართველოში ბენზინის ფასებს ნავთობის ფასის ცვლილების 35%, ევროპაში კი ნახევარი გადმოეცემა; ხოლო გრძელვადიან პერიოდში (3 თვე) გადაცემა სრულია ორივე შემთხვევაში. ამასთანავე, საქართველოს სამომხმარებლო კალათაში ბენზინის წილი 2.4% - ი, ევროპისთვის კი საშუალოდ 2.8% - ია აღებული.
როგორც აღნიშნული ანალიზი გვიჩვენებს, საქართველოში ადგილობრივი ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასებთან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც საერთაშორისო ნავთობის ფასების ცვლილება სრულად გადმოეცემა ადგილობრივი საწვავის ფასებს, თუმცა, ამას დაახლოებით სამი თვე სჭირდება, ხოლო ერთ თვემდე პერიოდში აღნიშნული გადმოცემა ნახევარზე მცირეა.