“ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს ყოველთვიურად საგრძნობი გავლენა ექნება” - ამის შესახებ “ტექნო-ბუმის” დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ BM.GE-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წინასწარ რთულია ამ რეგულაციების გავლენაზე საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა ეს განვადებების რაოდენობაზე როგორც გრძელვადიან ისე მოკლევადიან პერიოდში გავლენას მოახდენს. ამასთან, ქოქოლაძე აღნიშნავს, რომ შემცირდება განვადებების რაოდენობაც, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ზღვრის გამო.
როგორც ქოქოლაძე ამბობს, იპოთეკასთან დაკავშირებული რეგულაციების პარალელურად, შემცირდება საყოფაცხოვრებო ნივთებზე განვადების მოთხოვნაც.
“თუ ადრე მომხმარებელს 1000 ლარიან ხელფასზე შეეძლო გამოეყენებინა 500 ლარი ან მეტი განვადებისთვის ამ შემთხვევაში, ეხლა მხოლოდ 200 ლარი შეუძლია გამოიყენოს, შესაბამისად, პროცენტულად შემცირდება მომხმარებელთა არეალი.
იპოთეკასთან დაკავშირებული რეგულაცია შეამცირებს სამშენებლო ბიზნესს, შეამცირებს ბინების გაყიდვას, შესაბამისად შემცირდება ტექნიკაზე მოთხოვნაც, მაგრამ რა მოცულობით მოახდენს გავლენას, ამის შეფასებას დრო დასჭირდება და დაახლოებით 1 წელი დაგვიჭირდება, რომ სრულად შევაფასოთ ეს. ყოველთვიურად გავლენა საგრძნობი იქნება. პროცესი არ იქნება უმტკივნეულო ეს საკმაოდ მტკივნეული იქნება, მაგრამ სრული შეფასება შეგვეძლება 1 წელიწადში.”- აცხადებს “ტექნო-ბუმის” დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები, რომელიც 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, სესხის აღებაზე გარკვეული შეზღუდვების გამკაცრებას ითვალისწინებს.

























