მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გახდა GEM Fest 2018-ის ჩაშლის მიზეზი? - სიგუას განმარტება

5b9bcd7556ed3
BM.GE
14.09.18 19:30
1966
იმის მიზეზად, თუ რატომ არ ჩატარდა "ჯემ ფესტ 2018" გიორგი სიგუამ 2017 წელს ჩატარებული ღონისძიების შემდეგ წარმოქმნილი პრობლემები დაასახელა, რაც მისი აზრით ხელოვნურად იყო ინსპირირებული, ამის შესახებ გიორგი სიგუამ "საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა. ერთ-ერთ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად კი მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის მიზანმიმართული ქმედებები დაასახელა, რის გამოც მისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

"2017 წლის "ჯემ ფესტი" იყო ძალიან ხანგრძლივი, 32 დღიანი და ბევრი პრობლემა შეიქმნა, იყო სკანდალები, მაშინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი დაებრალებინა ერთი ადამიანისთვის - გიორგი სიგუასთვის; ამისთვის ათასი შოუ დადგეს საგამოძიებო სამსახურების შემოვარდნებით, ჩვენი ქონების დაყადაღებით, ყველაფრის წაღებით და დალუქვით, სამი თვე გვატარებდნენ საგამოძიებო სამსახურში დაკითხვებზე.

ბოლოს საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ ჩვენ უფასოდ შეგვიშვია რამდენიმე ათასი ადამიანი ფესტივალზე. საუბარია 5 ათას ადამიანზე, რომლებსაც ჩვენ ბილეთი ვაჩუქეთ და აქედან 4 500 არის სამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. მთავრობა დასტა-დასტა აგზავნიდა სიებს, რომ ეს ბილეთები მიგვეცა, აქ იყო ზუგდიდის საკრებულოს სია, ზუგდიდის გამგეობის სია, მერიის სია, პარლამენტის, ამა თუ იმ სამინისტროს სია და ა.შ", - განაცხადა სიგუამ.

მისივე განმარტებით, ისინი იძულებული არიან დღგ იმ ბილეთებზე გადაიხადონ, რომელიც არ გაუყიდიათ და რომლითაც მთავრობის წევრებმა ისარგებლებს. მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს დავა სასამართლოში.

"იმის გამო, რომ მთავრობა "ჯემ ფესტს" ეხმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფული პირადად არ მიგვიღა, მათ გადარიცხეს 4 მილიონი ლარი 17 მილიონი ლარიდან, რაც საერთო ბიუჯეტი იყო "ჯემ ფესტის“, ყველა სახელმწიფო ჩინოვნიკი თვლიდა, რომ ბილეთი უფასოდ ეკუთვნოდა. ისინი უცერემონიოდ გვირეკავდნენ და გვთხოვდნენ, რომ მათი ახლობლები, ნათესავები და მეგობრები შეგვეშვა. შემდეგ ფინანსურმა საგამოძიებო სამსახურმა გვითხრა, რომ ჩვენ ამ უფასოდ გაცემული ბილეთების დღგ უნდა გადავიხადოთ და ეხლა ამაზე მიდის სასამართლო დავა. ჩვენ იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა განაჩენსაც სასამართლო გამოიტანს, თუმცა ვიდავებთ რაოდენობაზე, ფასზე, რადგან უმაღლესი ფასი დაგვაკისრეს ამ ბილეთებზე", - განაცხადა სიგუამ.

"ჯემ ფესტის" ავტორი აცხადებს, რომ მიუხედევად ამ პრობლემებისა, ღონისძიების ჩატარება 2018 წლის ზაფხულის სეზონზე მაინც იგეგმებოდა, თუმცა, იმის გამო, რომ მთავრობამ უარი განუცხადა მიწის იჯარით გადაცემაზე, სადაც აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართებოდა, ღონისძიება ჩაიშალა.

"მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არ დააფინანსებდნენ "ჯემ ფესტს" , ჩვენ ვთქვით, რომ არ გვინდოდა სახელმწიფოს ფული, რადგან ის ძალიან ძვირი გვიჯდებოდა და გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვეკეთებინა ხანგრძლივვადიანი "ჯემ ფესტი", გაგვეკეთებინა 3-4 დღიანი ღონისძიება. დავაანონსეთ ოთხ დღიანი ფესტივალი - "ჯემ ფესტ 2018", რომელიც 9-12 აგვისტოს ჩატარდებოდა, დავიწყეთ მზადება, ბილეთების გაყიდვა, სპონსორების მოძიება და შევიტანეთ განცხადება მიწის იჯარით მოცემაზე ჩვენთვის.

ეკონომიკის მინისტრი იმ დროს იყო დიმიტრი ქუმსიშვილი, მისი დავალებით, უარი გვითხრეს მიწის იჯარით მოცემაზე, იმ მიწაზე, რომელსაც ჩვენ ოთხი წელიწადი ვაშენებდით, ვაკეთებდით, ვატარებდით სხვადასხვა ღონისძიებებს და ფესტივალებს, ჩამოგვყავდა ტურისტები და საერთაშორისო მედია და ვაცნობდით მთელს მსოფლიოს“ - განაცხადა სიგუამ.

როგორც გიორგი სიგუა განმარტავს, უარის ოფიციალურ მიზეზად მათ სახელმწიფო სტრუქტურიდან ის დაუსახელეს, რომ ამ მიწაზე სხვადასხვა ღონისძიების გამართვას აპირებდნენ.

"ჩვენ მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ მაშინ შევცვლიდით თარიღებს და ფესტივალს ჩავატარებდით აგვისტოში ნებისმიერ სხვა ოთხ დღეს, რადგან ათასობით ბილეთი იყო უკვე გაყიდული, არტისტები გვყავდა დაჯავშნილი. ამის შემდეგ მათ იგნორის პოლიტიკა გააგრძელეს და პასუხიც არ გაგვცეს. შესაბამისად ჩვენ მოგვიწია "ჯემ ფესტ 2018"-ის გაუქმება, უკან დავაბრუნეთ 7 ათასი ბილეთის საფასური, ამ ყველაფრის შედეგად ნახევარი მილიონის ზარალი მივიღთ და ვაპირებთ სასამართლოში ვუჩივლოთ დიმიტრი ქუმსიშვილს, რადგან ის არის პირადად ამ ყველაფერშუი დამნაშავე, მისი გაუმაძღარი მუცელის გამო მოხდა ეს ყველაფერი და საშინლად კორუმპირებული და მექრთამე ადამიანია“ – განაცხადა გიორგი სიგუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები