მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმა აქვს "ენერგოეფექტურობის კანონს" საქართველოში

5df3b5889295e
დავით ჯალაღონია
14.12.19 12:30
1344
მომავალ წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგოეფექტურობის დეპარტამენტი შეიქმნება, რომელიც ამ კუთხით ახალი კანონის მიზნებს მოემსახურება.

"ენერგოეფექტურობის შესახებ" კანონის პროექტი მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა. კანონპროექტის მიზანი ქვეყნის მასშტაბით ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობაა. ამისთვის საჯარო დაწესებულებებს ეტაპობრივად ენერგოეფექტურობის კუთხით სამიზნე მაჩვენებლების შესრულება მოუწევთ.

გარდა ამისა, ვალდებულებები სამრეწველო ობიექტებისთვისაც შემოდის. კერძოდ, პირველი კატეგორიის საწარმოები 2023 წლიდან ვალდებულები იქნებიან საწარმოში ენერგოაუდიტი, სერტიფიცირებული პირების ჩართულობით განახორციელონ. კანონპროექტის დეტალუი განხილვა პარლამენტში სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიწყება.

"ეს არის ჩარჩო, დეკლარაციის ტიპის კანონი, რომელიც ამბობს, რომ მთავრობამ გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, თუ რა ღონისძიებები ჩატარდეს ქვეყანაში, რომ ხელი შეუწყოს ენერგიის დაზოგვას და ენერგოეფექტურობას. მას შემდგე, რაც მიღებული იქნება კანონი, ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს ამ სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი მაჩვენებლების შემუშავებას, რომლის საფუძველზე დაიგეგმება ნაბიჯები, თუ რა უნდა გაკეთდეს.

ამ კანონში განსაზღვრულია ის, რომ საჯარო შენობების რეაბილიტაცია პერიოდულად, გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს. მაგალითად, ყოველწლიურად, საჯარო შენობების 1%-ის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ენერგია დაიზოგოს. ამასთან დაკავშირებით თანხები, რეაბილიტაციისთვის თანხებია საჭირო, მაგრამ უკვე კონკრეტული დონორების მიერ გამოყოფილია და დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკებები, რომლის მიხედვით, დაახლოებით 100 მილიონზე მეტი ევროს ოდენობის დაფინანსება მიმართული იქნება ზუსტად ამისკენ", – განმარტა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება ამ თანხების აკუმულირებას, მინისტრის მოადგილის ცნობით, კანონის ამოქმედებიდან პირველ წლებში ამ მისიას ეკონომიკის სამინისტროში სპეციალურად შექმნილი დეპარტამენტი იტვირთავს.

"გადაწყვეტილია, რომ პირველ პერიოდში, ორი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდება ეკონომიკის სამინისტროში ენერგოეფექტურობის დეპარტამენტი, რომელიც პირველ ეტაპზე შეიმუშავებს და მთავრობას წარუდგენს იმ წინადადებებს, რომელთა განხორციელება უნდა მოახდინოს სხვადახვა უწყებებმა. ამის შემდეგ ვნახავთ სიტუაციას, თუ აუცილებელი იქნება, ეს დეპარტამენტი ცალკე სააგენტოდ გამოიყოფა, თუმცა გადაწყვეტილია, რომ მომავალი წლიდან ეს ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნება", – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები