საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საკრედიტო–საგარანტიო ფონდის მიზნები სავარაუდოდ, სააგენტოს „აწარმოე საქართველო“ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.
„საგარანტიო ფონდის ნაწილი ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად მუშავდება და შესაბამისად, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში, დიდი ალბათობით „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოხდება ამ პროგრამის მოდიფიცირება და საგარანტიო ფონდის სახით ჩამოყალიბება“, – განაცხადა კაკაურიძემ.
რაც შეეხება ამ ფონდის დაფინანსებას, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ეს თანხა სავარაუდოდ, მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში იქნება გათვალისწინებული.
„საერთო ჯამში, რა თანხაც არის გათვალისწინებული მცირე მეწარმოების ხელშეწყობის ნაწილში, ამის ცვლილებას არ ვაპირებთ. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარი“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ საკრედიტო–საგარანტიო ფონდის შექმნის აუცილებლობაზე მთავრობას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ მიუთითა, რადგან მისი აზრით, ეს ფონდი ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის პოლიტიკის განხორციელებისთვის ერთ–ერთი აუცილებელი ინსტრუმენტია. აღნიშნული ფონდის მთავრობის მიერ გაცხადებული მიზანი შედარებით მაღალრისკიანი ბიზნესპროექტების დაფინანსებაა.

























