2018 წელს საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტზე 25 350 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით, 378%-იან ზრდას ნიშნავს. 2018 წლის 11 თვეში საქართველოდან შვეიცარიაში სულ $71.6 მილიონის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. შვეიცარია უკვე საქართველოს ტოპ 10 საექსპორტო ქვეყნის სიაში შედის.
საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ნონა მამულაშვილი bm.ge-თან ამბობს, რომ გასული წელი საქართველო-შვეიცარიის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი იყო.
"2018 წლის 1 მაისს ძალაში შევიდა EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება. ეს იყო ჩვენი ასოციაციისთვის დიდი სტიმული იმისათვის, რომ შვეიცარიის ბაზარზე ქართული კომპანიების გასვლისთვის ხელი შეგვეწყო. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესი იყო შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ევროპის უმსხვილეს ღვინის გამოფენა EXPOVINA-ს 65-ე ფესტივალზე საქართველოს და ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობა,"- განაცხადა მამულაშვილმა.
რაც შეეხება 2019 წლის გეგმებს, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ნონა მამულაშვილის თქმით, ასოციაცია ღვინის მიმართულებით აქტიურ საქმიანობას გააგრძელებს, მაგრამ პარალელურად, ამ ეტაპზე სწავლობენ სხვადასხვა სექტორის პოტენციალს.
"სხვა პროდუქტებზეც ჯერ ბაზარს შევისწავლით: თხილი, მშრალი ხილი, სხვა ალკოჰოლური სასმელები, სოფლის მეუნეობის ორგანული/ბიო პროდუქტები; ასევე, ვფიქრობთ, ტურიზმს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი," - აღნიშნა მამულაშვილმა.

























