რა გეგმით შეიძლება ჩუბინაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განვითარება?
დავით ჯალაღონია
09.06.18 19:52
• 1167
მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორია ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშროლმობით „პლეხანოვის“ უბნის განვითარების პროექტს ამუშავებს.
აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ნაწილი კი ჩუბინაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული ოთხი კვარტლის განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებაა. ეს ტერიტორია დაახლოებით, 10 ჰექტარზეა გაშლილი - ფოცხვერაშვილიდან კლდიაშვილის ქუჩამდე და გოგოლიდან ნინოშვილის ქუჩამდე.
როგორც გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა, ქალაქმგეგმარებელმა ზურაბ ბაქრაძემ BM.GE-ს განუცხადა, ამ ეტაპზე პროექტის კვლევა დასრულდა, რამაც გამოავლინა ის საჭიროებები, რომელთა მიხედვითაც თბილისის ეს უბანი უნდა განვითარდეს.
„მთავარი გამოწვევაა, ქალაქის მაცხოვრებლებს, მმართველობასა და ინვესტორებს დავანახოთ, რომ შესაძლებელია იმ გავრცელებული პრაქტიკის ალტერნატივის შექმნა, რომელიც მარჯვენა სანაპიროზე განვითარდა და რომელმაც პრაქტიკულად, ქალაქი იმსხვერპლა. კვლევის ამ ეტაპმა აჩვენა, რა მდგომარეობაა იქ ყოველმხრივ. ასევე, ხალხის გამოკითხვებით გაირკვა, როგორი სამეზობლოები და სოციალური ქსელები არსებობს, რა სურვილები აქვთ მათ და რა აწუხებთ“, - განმარტა ზურაბ ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ჩუბინაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია უნდა განვითარდეს პრინციპით, რომელსაც პირობითად, შენარჩუნებადი განახლება ეწოდება.
„ეს არის კომპლექსური, ინტეგრირებული პროგრამა, რომელმაც მთლიანად, ეს საპროექტი ერთეული უნდა გახადოს უფრო მაღალი ხარისხის - საცხოვრებლად მიმზიდველი და მეწარმეებისთვის გამოსაყენებელი. ახლა ვაკეთებთ განაშენიანების გეგმას. ჩვენ გვინდა, ერთის მხრივ, ქალაქის მმართველობა გამოფხიზლდეს ამ შეთავაზების მიმართ და მეორეს მხრივ, მოსახლეობამ გაიგოს, რა არის შესაძლებელი იმისთვის, რომ მათი ცხოვრება კორპუსებში გადასახლების გარეშე გაუმჯობესდეს, რაც მათ არ სურთ“, - აღნიშნა მან.
პროექტის განვითარებისთვის კი, ქალაქმგეგმარებლის განმარტებით, პოლიტიკური ნების გარდა, საჭიროა საზოგადოებრივი (ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი მუნციპალიტეტი, საერთაშორისო ფონდები) და კერძო ინვესტიციების გაერთიანება.
„ინვესტორებმა უნდა გაიგონ, რომ სოციალურად გამართული პროექტი, აუცილებლად წამგებიანი არ არის. ასეთი პროექტები შესაძლოა, კერძო ინვესტორებისთვის სარგებლის მომტანი იყოს და ახლა სწორედ ასეთ მასალას ვამზადებთ. საზოგადოებრივი და კერძო ინვესტორები ერთმანეთს თუ შეუამხანაგდებიან, ისინი აუცილებლად დაძლევენ მათ წინაშე არსებულ ამოცანას. დღეს ამოცანების გადაუჭრელობის მიზეზი არის ის, რომ ქალაქის განვითარება მთლიანად კერძო ინვესტორის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული - მასსა და უძრავი ქონების მესაკუთრეს შორის მოლაპარაკებაა საბოლოო შედეგი, რაზეც შემდეგ ბეჭედს მერია არტყამს და ხელებს იბანს. ეს როდესმე უნდა დამთავრდეს. ქალაქის მერიამ უნდა აიღოს ხელში მთელი პროცესის მართვა და ამით ჯანსაღი საინვესტიციო გარემო შეიქმნება, სადაც კერძო ინვესტორებს ექნებათ მოგება, საზოგადოებრივი ინვესტიციები გონივრულად ჩაიდება და ქალაქი საცხოვრებელი და სამუშაო თვალსაზრისით მიმზიდველ უბანს მიიღებს“, - მიიჩნევს ზურაბ ბაქრაძე.
აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია ჩუბინაშვილის ქუჩის მიმდებარე კვარტლების მოსახლეობისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლების თანდასწრებით გაიმართა. როგორც ზურაბ ბაქრაძე აღნიშნავს, ღონისძიებაზე დედაქალაქის მერი და საქალაქო სამსახურების უფროსებიც იყვნენ მიწვეულნი, თუმცა ისინი პრეზენტაციას არ დაესწრნენ.
მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორია მომზადებული კვლევის საფუძველზე განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობას მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაასრულებს და მასალას თბილისის მერიას შესთავაზებს.
„ქალაქის მმართველობას ძირითად იდეებს მივაწვდით. ისინი პოლიტიკურ ნებას თუ გამოიჩენენ, რომ ეს უბანი ამ მიმართულებით განვითარდეს, მაშინ შეიძლება გეგმის დახვეწა და იმ კონდიციამდე მიყვანა, საკმაოდ სწრაფად, რომ ადგილზე განაშენიანების გეგმის მიხედვით მშენებლობის უფლების გაცემა დაიწყოს. ეს დროისა და თანხების თვალსაზრისით ქალაქისთვის მომგებიანი იქნება, რადგან ეს საქმე ჩვენი ენთუსიაზმით გაკეთდა. ეს არის საჩუქარი ქალაქისთვის“, - აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.
რაც შეეხება პლეხანოვის უბნის განვითარების კონცეფციას, რომლის ნაწილიც ზემოთ ნახსენებ 10 ჰექტარზე არსებული დასახლების განვითარების გეგმის მომზადებაა, ის მოიცავს ტერიტორიას მტკვირდან რკინიგზამდე და „დინამოს“ სტადიონიდან - ვორონცოვამდე.